
„მილიარდერ ილონ მასკის განცხადებით, თუ ამერიკა სამხედრო დახმარებისთვის ბიუჯეტიდან თვეში ათობით მილიონ დოლარს არ გამოყოფს, მისი კომპანია უკრაინას SpaceX-ის თანამგზავრულ ინტერნეტ-სერვისებს ვეღარ შესთავაზებს,“ - წერს CNN-ი.
SpaceX-მა პენტაგონს, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის შტაბ-ბინას, წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოითხოვა უკრაინის მთავრობისა და Starlink-ის დაფინანსება მისი სამხედრო მიზნით გამოყენებისთვის. SpaceX-ის განცხადებით, წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, ამ თანხის მოცულობა 120 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს, ხოლო მომდევნო 12 თვის განმავლობაში - 400 მილიონ დოლარამდე.
„ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ შემდგომში ჩვენი სატელიტური მიმღები ტერმინალები უკრაინას შევწიროთ, ან არსებული ტერმინალები განუსაზღვრელი ვადით დავუფინანსოთ“, - ნათქვამია წერილში.
თებერვლიდან დღემდე, SpaceX-მა უკრაინას Starlink-ის 20000 თანამგზავრი გადასცა. თანამგზავრები უკრაინის სამხედრო ძალებისთვის კომუნიკაციის სასიცოცხლო წყარო იყო. თანამგზავრებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალება მისცა, კავშირი დაემყარებინა ე.წ მკვდარ ზონაში, ასევე მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატებით რეალურ დროში მიეღო ინფორმაცია რუსული ძალების გადაადგილების და მათი სამიზნე ობიექტების შესახებ.
0
0