01/06/2023
16:01
მსოფლიო
ილონ მასკმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაიბრუნა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ქონება ახლა დაახლოებით $192 მილიარდს შეადგენს. ამ მაჩვენებლით მან გადაუსწრო სიაში პირველ ადგილზე მყოფ LVMH-ის აღმასრულებელ დირექტორს ბერნარ არნოს, რომლის ქონება ახლა $187 მილიარდად ფასდება.
Bloomberg-ის გამოთვლებით, არნოს ქონება მიმდინარე კვირაში, LVMH-ის აქციების ვარდნის გამო შემცირდა. გასულ კვირას ერთ დღეში მისი ქონება $11.2 მილიარდით შემცირდა.
არნოს ქონების შემცირება ფუფუნების სექტორში ბაზრის გარღვევას უკავშირდება, რაც თავის მხრივ, აშშ-ის ეკონომიკის შენელების შიშით აიხსნება.
აპრილის დასაწყისში ბერნარ არნოს წმინდა ქონებამ $200 მილიარდს პირველად გადააჭარბა. ილონ მასკისა და ჯეფ ბეზოსის შემდეგ, ის გახდა მესამე პირი, რომლის სიმდიდრემ ამ ზღვარს მიაღწია. ამასთან, ის პირველი არაამერიკელი მილიარდერია, რომელმაც ამ მოცულობის ქონება დააგროვა.
არნოს ქონება მიმდინარე წელს $29.5 მილიარდით გაიზარდა. ასეთი მასშტაბური ზრდა LVMH-ის ღირებულების გაზრდამ გამოიწვია. კომპანია, რომელიც, ფუფუნების სხვა საგნებთან ერთად, Louis Vuitton-ის ჩანთებს, Moët & Chandon შამპანურსა და Christian Dior-ის კაბებს ყიდის, გახდა პირველი ევროპული კომპანია, რომლის კაპიტალიზაციამ $500 მილიარდს გადააჭარბა.
0
0