-share.jpg)
ილონ მასკის კომპანიამ Neuralink აჩვენა როგორ თამაშობს ონლაინ-ჭადრაკს პირველი ადამიანი, რომელსაც ტვინში ამ კომპანიის ჩიპი ჩაუნერგეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ვიდეო სოციალურ ქსელში X აჩვენეს, რომელიც ასევე მასკს ეკუთვნის. ტრანსლაციის მთავარი გმირი 29 წლის ნოლან არბოა - პირველი ადამიანი, რომელსაც ჩიპი ტვინში იანვრის ბოლოს ჩაუნერგეს.
არბომ განაცხადა, რომ 8 წლის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ მხრებს ქვემოთ ვერაფერს გრძნობს. მისი თქმით, ჩიპის ჩანერგვის ოპერაციამ მარტივად ჩაიარა. „საავადმყოფოდან მეორე დღესვე გამწერეს. არანაირი კოგნიტიური დარღვევა არ მაქვს“, - განაცხადა მან.
ვიდეოში ჩანს თუ როგორ თამაშობს კაცი ჭადრაკს ნოუტბუკზე - ის ფიგურებს დაფაზე კურსორით მხოლოდ აზრის ძალით ამოძრავებს. არბომ თქვა, რომ უყვარს ჭადრაკი და ვიდეოთამაში Civilization VI, რომელიც უბედური შემთხვევის შემდეგ არ უთამაშია.
„თქვენ [Neuralink-მა] შესაძლებლობა მომეცით ეს კიდევ გამეკეთებინა და ზედიზედ 8 საათი ვთამაშობდი“, - განაცხადა მან.
არბომ ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგია არ არის იდეალური და ტესტირების დროს ის და Neuralink-ის გუნდი არაერთ პრობლემას შეეჯახნენ. „არ მინდა ხალხმა იფიქროს, რომ ეს გზის დასასრულია. წინ კიდევ ბევრი საქმეა, მაგრამ ამან ჩემი ცხოვრება უკვე შეცვალა“, - განაცხადა არბომ.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ Neuralink-ი 2024 წელს ტვინში იმპლანტების ჩასანერგად 11 ოპერაციის ჩატარებას გეგმავს.
0
0