29/03/2023
16:04
მსოფლიო
ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტთა ჯგუფი ხელოვნური ინტელექტის ახლად გაშვებულ GPT-4-ზე უფრო მძლავრი სისტემების შემუშავებაში 6 თვიანი პაუზის აღებას ითხოვენ.
ღია წერილში აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტის კიდევ უფრო განვითარებას შესაძლოა, საზოგადოებისა და კაცობრიობისთვის პოტენციური რისკები ჰქონდეს.
არაკომერციული Future of Life-ის ინსტიტუტის მიერ გაცემული წერილი, რომელსაც ხელს ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის მასკი აწერს, ითხოვს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება იქამდე შეჩერდეს, სანამ მისი უსაფრთხოების საერთო პროტოკოლები არ შემუშავდება.
„ხელოვნური ინტელექტის ძლიერი სისტემები უნდა განვითარდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მათი ეფექტი დადებითი იქნება, რისკები კი მართვადი“, - ნათქვამია წერილში.
წერილში დეტალურადაა აღწერილი ადამიანის კონკურენტუნარიანი AI (ხელოვნური ინტელექტის) სისტემების პოტენციური რისკები საზოგადოებისა და ცივილიზაციისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური შეფერხებების სახით.
AI-ის მიმართ შეშფოთება გამოიხატება მას შემდეგ, რაც გააკრიტიკეს ხელოვნური ინტელექტის სისტემა ChatGPT, რომელიც ფიშინგის მცდელობებში, დეზინფორმაციასა და კიბერდანაშაულში შესაძლოა, რომ ბოროტად გამოიყენონ.
იმავდროულად, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა წინადადებები ხელოვნური ინტელექტის გარშემო „ადაპტირებადი“ მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ.
ბრიტანეთის მთავრობის მიდგომა, რომელიც ასახულია ოთხშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის დოკუმენტში, გაანაწილებს პასუხისმგებლობას ხელოვნური ინტელექტის მართვაზე ადამიანის უფლებების, ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და კონკურენციის მარეგულირებლებს შორის იქამდე, სანამ AI-ის პროტოკოლის მართვისთვის ცალკე ორგანო არ შეიქმნება.
0
0