
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ყოფილი თანამოაზრე ილონ მასკის მიერ მისი "დიდი, ლამაზი" კანონპროექტის კრიტიკით "ძალიან გაკვირვებული" და "იმედგაცრუებულია".
"მე და ილონს შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. არ ვიცი, კვლავ გვექნება თუ არა". - თქვა ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რეპორტიორის შეკითხვის საპასუხოდ.
"მე ყოველთვის მომწონდა ილონი და ამიტომაც ვარ გაკვირვებული. [...] მერჩივნა, მე გავეკრიტიკებინე, ვიდრე კანონპროექტი, ვინაიდან ეს კანონპროექტი არაჩვეულებრივია. ეს [გადასახადების] ყველაზე დიდი შემცირებაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში". - თქვა ტრამპმა.
პრეზიდენტის საპასუხოდ მასკმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი "უმადურობაში" დაადანაშაულა და დაწერა, რომ მის გარეშე "ტრამპი არჩევნებს წააგებდა".
მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე თქვა, რომ ილონმა კანონპროექტის შესახებ იმაზე უკეთ იცოდა, ვიდრე "ნებისმიერმა აქ მსხდომთაგან".
"მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან ილონმა ამ კანონპროექტის დეტალები იმაზე უკეთ იცოდა, ვიდრე ნებისმიერმა აქ მსხდომთაგან. მას ჩემზე, პერსონალურად, რაიმე ცუდი არ უთქვამს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს შემდეგი იქნება". - თქვა ტრამპმა.
მალევე ილონ მასკმა X-ზე ტრამპის ვიდეო გააზიარა, რომელშიც პრეზიდენტი ამ სიტყვებს ამბობს და უარყო, რომ კანონპროექტის შესახებ რაიმე იცოდა.
ილონ მასკმა დაწერა - "რა უმადურობაა! ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატებს ექნებოდათ კონტროლი წარმომადგენელთა პალატაზე და სენატში რესპუბლიკელები მხოლოდ 51-49ით იქნებოდნენ.“
0
0