„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო დობორჯგინიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სახელზე წერილს ავრცელებს სადაც აღნიშნავს, რომ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ჩამოშორება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობიდან დიდი დანაკლისი იქნება როგორც მათთვის, ასევე უნივერსიტეტებისთვის.
„გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის წევრია. იგი არის ამავე უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. გიორგი ხასაია აღნიშნულ პროგრამაში შეირჩა განსაკუთრებული კვლევითი და ანალიტიკური უნარების გამო. მისი საკვლევი თემა გერმანიაში ქართველი მიგრანტების ყოველდღიურობას ეხება. ამ თემის საკვლევად მან მოიპოვა სპეციალური საგრანტო დაფინანსება გერმანიაში საველე კვლევის ჩასატარებლად, რასაც წარმატებით გაართვა თავი.
აღნიშნულ სადოქტორო პროგრამაში ჩართული აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მათ შორის გიორგის უშუალო ხელმძღვანელი, გერმანელი მეცნიერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ფლორიან მიულფრიდი, გიორგის ახასიათებენ როგორც დარგის განვითარებისთვის იმედისმომცემ პერსპექტიულ ახალგაზრდა მეცნიერს, მკვლევარს, რომელიც გამოირჩევა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და აკადემიური კეთილსინდისიერების გამორჩეული უნარით. გიორგი ხასაიამ წარმატებით შეასრულა პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებები და თებერვლის შუა რიცხვებში ემზადებოდა თავისი დისერტაციის ერთ-ერთი პრობლემატიკის სამეცნიერო კოლოქვიუმზე წარსადგენად,“ — აღნიშნავს „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ რექტორი.
წერილში დობორჯგინიძე მოსამართლეს მიმართავს და სთხოვს საკითხის განხილვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები და აცხადებს, რომ საუნივერსიტეტო საზოგადოება მზადაა, ითანამშრომლოს ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
0
0