
შეგვიძლია, ვიამაყოთ კონტინენტების დაკავშირების სფეროში ჩვენი მიღწევებით. რკინიგზისა და საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებით ტრანსპორტისთვის ახალ დერეფნებს ვხსნით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოს 31-ე ენერგეტიკული ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მალე, ზანგეზურის დერეფნის სახით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს კიდევ ერთი განშტოება დაემატება.
„აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი წარმატებით მუშაობს. ზანგეზურის დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის კიდევ ერთი განშტოება იქნება, აუცილებლად აშენდება, 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და ჩემ შორის ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ალიევმა ასევე ისაუბრა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ამ საკითხზე რეგიონის ქვეყნებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
„დღეს ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან ენერგეტიკულ კაბელებთან დაკავშირებით. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს აკავშირებს, ასევე განხორციელების ფაზაშია“, – აღნიშნა ალიევმა.
0
0