
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ონლაინ ჩართვისას ევროპული ინსტიტუტები გააკრიტიკა.
ილჰამ ალიევმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ევროპარლამენტი მიკერძოებულობაში და ორმაგ სტანდარტებში ღიად დაადანაშაულა.
მან ევროპული ინსტიტუტების ქმედებების საპასუხოდ ოფიციალური ბაქოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
"ჩვენს დელეგაციას ევროპის საბჭოში არანაირი შეზღუდვა არ შეხებია 2024 წლის იანვრამდე. 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა ყარაბაღში სეპარატიზმი საბოლოოდ აღკვეთა. ჩვენ საკუთარი ძალებით აღვასრულეთ გაეროს უშიშროების საბჭოს ის ოთხი რეზოლუცია, რომლებიც ჯერ კიდევ 1993 წელს იქნა მიღებული და სამი ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ ფურცელზე რჩებოდა. ამ მოვლენიდან ოთხი თვის თავზე PACE-მა ჩვენს დელეგაციას სანქციები დაუწესა. სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს PACE-სთვის მოქმედების ერთგვარ წესად, modus operandi-დ იქცა. აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ზუსტად ისეთივე ფასეულობა აქვს, როგორიც ნებისმიერი სხვა ქვეყნისას და ამ საკითხში ორმაგი სტანდარტების გამოყენება ყოვლად მიუღებელია", - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.
"ახლა რაც შეეხება ევროპარლამენტს. ნაცვლად იმისა, რომ მან მხარი დაუჭიროს სამშვიდობო პროცესს, ეს ინსტიტუტი მის საბოტაჟს ამჯობინებს. 2021 წლის მაისიდან, ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან ექვს თვეში, 2026 წლის 30 აპრილამდე, ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ 14 რეზოლუცია მიიღო, რომლებიც სავსეა შეურაცხყოფით და სიცრუით. წარმოიდგინეთ, 14 რეზოლუცია ხუთ წელიწადში - ეს უკვე აკვიატებას ჰგავს. უკანასკნელი რეზოლუცია სულ რაღაც ოთხი დღის წინ მიიღეს, განზრახ, უშუალოდ ამ სამიტის წინ.
იმის ნაცვლად, რომ ყურადღება დაუთმოს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში არსებულ ისეთ ფუნდამენტურ პრობლემებს, როგორიცაა ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა თუ უსახლკაროთა გასაჭირი, ევროპარლამენტი მიზანში იღებს აზერბაიჯანს და ცილისწამებას ავრცელებს. ამის მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ აზერბაიჯანმა აღადგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ბოლო მოუღო სეპარატიზმს და სამხედრო დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარადგინა.
საპასუხოდ, აზერბაიჯანის პარლამენტმა მიმდინარე წლის 1-ელ მაისს მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება, რომ ყველა სფეროში შეაჩეროს თანამშრომლობა ევროპარლამენტთან. ჩვენ ვწყვეტთ მონაწილეობას ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის საქმიანობაში და ვიწყებთ "ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეიდან გამოსვლის პროცედურებს. ვინაიდან ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტების ფორმატში ჩვენ ღიად ვუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებსა და წუხილებს, მსურდა კოლეგებისთვის მიმეწოდებინა უტყუარი ინფორმაცია ამ საკითხზე, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი დეზინფორმაცია და მანიპულაცია შემდგომ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით", - აცხადებს ილჰამ ალიევი.
წყარო: რუსთავი 2
0
0