20/06/2025
17:49

„საქართველოს განახლებადი ენერგიების წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, აღარაფერს ვამბობ ჰიდროენერგეტიკაზე, რომელიც დომინანტია ჩვენს გენერაციაში,“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა „საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გარდა ამისა, ქარის და მზის სადგურები უფრო და უფრო პოპულარული ხდება საინვესტიციო კუთხით და ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ცდილობენ უფრო მეტი მიზიდულობის ცენტრად იქცნენ და გახდენ ენერგორესურსების სავაჭრო ჰაბები, ამ კუთხით კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა და პოტენციალი გააჩნია და ესეც მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ,“ - აღნიშნა დავითაშვილმა.
ღონისძიებაზე სახელწოდებით „ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში“ წარმოდგენილი იყო საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევა, გადამცემი ქსელის განვითარება, ბაზრის რეფორმის მიმოხილვა.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკის მიმართულება უმნიშვნელოვანესია, რადგან მისი სწორად განვითარების გარეშე ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზე საუბარი ზედმეტია. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ენერგეტიკის სწორად, მდგრადად, გრძელვადიანად განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მხარის მოსმენა, პოზიციების შეჯერება და ამის ასახვა ენერგეტიკულ პოლიტიკაში, რომელიც ფართო კონსენსუსის საფუძველზე იქნება მიღებული და მას ალტერნატივა არ გააჩნია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა წარმატებული პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს, არის იმ შემთხვევაში წარმატებული, თუ ის გაზიარებულია სხვადასხვა მხარის მიერ და შეჯერებულია ძირითად აქტორებთან.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც, ენერგეტიკაში ბოლო წლებში ძირითადი ინვესტორები იყვნენ კერძო ადგილობრივი თუ უცხოური კომპანიები, მომავალშიც დიდია დაინტერესება კერძო ინვესტორების მხრიდან და შესაბამისად, მათთან გაზიარებული პოლიტიკა იქნება სწორი პოლიტიკა. მან ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას გენერაციის ობიექტების წარმატებით განვითარებაში. მისივე შეფასებით, აქ უმნიშვნელოვანესია განვითარება და კოორდინირებული მოქმედებები სინქრონულად.
0
0