
დამოუკიდებელი, არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, International Crisis Group (ICG) აქვეყნებს სტატიას, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.
სტატიის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველომ მკვეთრად შეცვალა თავისი საგარეო პოლიტიკა. 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, ქვეყნის ურთიერთობები ბლოკთან გაწყდა, ისევე როგორც მისი კავშირები აშშ-სთან. მან ახალი პარტნიორები მოიძია აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.
ICG აღნიშნავს, აშშ-მა და ევროპამ დაუყოვნებლივ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. აქვე აღნიშნულია, რომ ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ევროპელებშიც კი იზრდება აღიარება, რომ საქართველოს იზოლაციამ და მასზე ზეწოლამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და ჩიხიდან გამოსასვლელად ახალი იდეებია საჭირო.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა სწრაფად სუსტდება, ევროკავშირის ინტერესებში მაინც რჩება სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება ევროპასთან მოსაზღვრე ქვეყანასთან, განსაკუთრებით იმ დროს, როცა სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური გადალაგება მიმდინარეობს. ევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევისთვის იარაღის მიწოდებით ან რუსეთისთვის სანქციების დაწესებით. ამ მოწოდებებს პოტენციურად დამანგრეველი ფასი ჰქონდა თავად ქართველებისთვის. საქართველოს მცდელობებმა უკრაინის ომში ჩაურევლად დარჩენასთან დაკავშირებით მწვავე კრიტიკა გამოიწვია ევროპარლამენტის რიგ რეზოლუციებსა და ამერიკისა და ევროკავშირის ზოგიერთი კანონმდებლის განცხადებაში“, - აღნიშნულია სტატიაში.
0
0