
"მონასტრის ყველა შენობა-ნაგებობა დაზიანებულია, მდგომარეობა საგანგებოა" - ამის შესახებ რადიო “სივრცეს” აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა განუცხადა. მეუფემ გუშინდელი სტიქიის შემდეგ, მონასტრის ტერიტორია დაათვალიერა.
მისი ინფორმაციით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არც ერთი სახურავი არ არის გადარჩენილი.
"დღის შუქზე მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მდგომარეობა არის საგანგებო. არც ერთი სახურავი არ არის გადარჩენილი. ყველა სახურავი დაზიანებულია. ქვემოდან როცა უყურებთ, დაინახავთ რომ გუმბათის კარავს მოხსნილი აქვს თუნუქი. ეს სპეციალისტებმა უნდა ნახონ, რადგან დარტყმა ქარბორბალას ძალისა, იყო ძალიან დიდი. სხვა დანარჩენი, ინფრასტრუქტურა იყო მონასტრის შიგნით, თუ რა იყო, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, არის იავარქმნილი და ეს ეხება მონასტრის ყველა შენობა-ნაგებობას" - აცხადებს მიტროპოლიტი.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.
სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც გაეცნენ შექმნილ მდგომარეობას.
მათივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად, დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ძლიერმა ქარბორბალამ, ალავერდის სამონასტრო კომპლექსსა და მის მიმდებარე ტერიტორიას გადაუარა. ქარიშხალი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
დაზიანებულია ალავერდის ტაძრის სახურავი, ალავერდის ეზოში არსებული ნარგავები, მიტროპოლიტის რეზიდენციის შენობა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, რომლებსაც სახურავები აქვს გადახდილი.
როგორც რადიო „სივრცეს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, ქარბორბალამ ასევე გაანადგურა ვენახი, სხვა ნარგავები, საცხოვრებელი სახლები, ავტომანქანები. მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა.
0
0