
იაპონიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტაკუ ეტომ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ „არასდროს დასჭირვებია ბრინჯის ყიდვა“, რადგან ქვეყანა ძირითადი მარცვლეულის დეფიციტსა და მზარდ ფასებს ებრძვის.
როგორც ტაკუ ეტომ განაცხადა, მისი მხარდამჭერები ყოველთვის ჩუქნიდნენ მას ბრინჯს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად არ უწევდა პროდუქტის ყიდვა. მინისტრის კომენტარებმა მაშინვე გამოიწვია საზოგადოების უკმაყოფილება.
„მე უკიდურესად უადგილო შენიშვნა გავაკეთე იმ დროს, როდესაც მომხმარებლები ბრინჯის ფასების ზრდას ებრძვიან“, - განუცხადა ეტომ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის ოფისში გადადგომის შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ.
ასევე ტაკუ ეტომ საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს განუცხადა: „ჩემს თავს ვკითხე, მიზანშეწონილია თუ არა ჩემთვის [სოფლის მეურნეობის სამინისტროს] სათავეში დარჩენა იმ დროს, როცა ბრინჯის ფასები რეკორდულად იზრდება და დავასკვენი, რომ ასე არ არის. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი ხალხს, მინისტრის რანგში, უკიდურესად შეუფერებელი კომენტარების გაკეთებისთვის, როდესაც ისინი ბრინჯის ფასების ზრდას ებრძვიან.’’
ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ თუ ტაკუ ეტო 21 მაისის შუადღემდე ნებაყოფლობით არ დატოვებდა თანამდებობას, მას უნდობლობის ვოტუმის მეშვეობით გადააყენებდნენ.
ტაკუ ეტო ყოფილმა გარემოს დაცვის მინისტრმა შინჯირო კოიზუმიმ შეცვალა, რომელიც გასულ წელს ლიბერალური დემოკრატიული პარტიის ლიდერობისთვის პრემიერ-მინისტრს წარუმატებლად დაუპირისპირდა.
როგორც ცნობილია, იაპონია ბრინჯის დეფიციტს ებრძვის მას შემდეგ, რაც 2023 წლის უჩვეულოდ ცხელმა ზაფხულმა მოსავლის მნიშვნელოვნად შემცირება გამოიწვია.
0
0
გიორგი ვაშაძე გირაოს გადაიხდის
21/05/2025