-share.jpg)
იაპონიაში დემოგრაფიული კრიზისი მწვავდება - გასულ წელს მოქალაქეთა რიცხვი 800 000-ზე მეტით შემცირდა, რაც შეესაბამება აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში დაფიქსირებულ მსგავს ტენდენციებს.
იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, იაპონიის მთლიანი მოსახლეობა [იაპონელები, ასევე უცხოელები] 125,4 მილიონს შეადგენდა. უცხოელი რეზიდენტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, თითქმის 289 500-ით (10%-ზე მეტით) გაიზარდა.
„2009 წლის პიკის შემდეგ მე-14 წელიწადს, იაპონიაში მცხოვრებთა რაოდენობა 800,523-ით შემცირდა. 2022 წელს, იაპონიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ ასევე ახალ რეკორდულ მაჩვენებელს (1.56 მილიონს) მიაღწია. შობადობის სტატისტიკა ნახევრად შემცირდა და მხოლოდ 771,801 ბავშვი დაიბადა,’’ - განაცხადა სამინისტრომ.
იაპონიაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბადებულთა რაოდენობას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აჭარბებს, რაც მზარდ პრობლემას უქმნის მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის ლიდერებს. იზრდება ხანდაზმული მოსახლეობის რიცხვი, ხოლო სამუშაო ძალა მცირდება.
იაპონიის მოსახლეობა სტაბილურად კლებულობს 1980-იანი წლების ეკონომიკური ბუმის შემდეგ. 1.3 ბევრად დაბალია შობადობის 2.1 მაჩვენებელზე, რომელიც, მიგრაციის არარსებობის შემთხვევაში, საჭიროა მოსახლეობის სტაბილური სტატისტიკის შესანარჩუნებლად. ქვეყანაში ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება; მთავრობის მონაცემებით, 2020 წელს, იაპონიაში ყოველი 1500 ადამიანიდან ერთ-ერთი 100 წელზე უფროსი ასაკის იყო.
ჩინეთი, სამხრეთ კორეა, სინგაპური და ტაივანი მსგავს კრიზისებს განიცდის, იბრძვიან ახალგაზრდების მოტივირებისთვის, რათა გააჩინონ მეტი შვილი, საარსებო ხარჯების ზრდისა და სოციალური უკმაყოფილების პირობებშიც კი. ამ ტენდენციების გავლენით, იანვარში პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონია "სოციალური ფუნქციების შენარჩუნების ზღვარზეა".
იაპონიის მთავრობის მიერ 2021 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები ითვალისწინებს გარკვეულ კვალიფიციურ სამუშაოებზე უცხოელების დასაქმებას განუსაზღვრელი ვადით.
თუმცა, Covid-19-ის პანდემიამ ამ პროგრესული გეგმის დიდი ნაწილი შეაჩერა - ქვეყანამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები დახურა და ბევრ პრეფექტურაში „ლოკდაუნი“ დააწესა.
ტოკიოში დაფუძნებული კვლევითი ორგანიზაციის 2022 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის მონაცემებთან შედარებით, იაპონიას დაახლოებით ოთხჯერ მეტი უცხოელი მუშა სჭირდება, რათა 2040 წლისთვის მიღწეული იყოს მთავრობის ეკონომიკური მიზნები.
თუმცა, ორგანიზაციის თქმით, იაპონიამ, პირველ რიგში, უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მიგრანტი მუშაკების ადამიანური უფლებების დაცვას და ფოკუსირებული იქნება სოციალურ ცვლილებებზე, რათა უფრო მეტი უცხოელი დასაქმდეს.
0
0