
იაპონიის აეროპორტში 36 ფრენა გაუქმდა, ხოლო 201 - გადაიდო - მას შემდეგ, რაც ჩასასხდომი ბაქნის მიმდებარე მაღაზიიდან მაკრატელი „დაიკარგა“. ჰოკაიდოს New Chitose-ის აეროპორტის შიდა ტერმინალში უსაფრთხოების შემოწმების პროცედურები ორი საათით დაგვიანდა, რის გამოც ასობით მგზავრის ფრენა შეფერხდა, რომლებიც ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ.
ჰოკაიდოს აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „გაუჩინარებული“ მაკრატელი პერსონალმა იმავე სავაჭრო ცენტრში, მეორე დღეს, იპოვა.
იაპონიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სამინისტრომ ჰოკაიდოს აეროპორტის ადმინისტრაციას ინციდენტის გამომწვევი მიზეზის გამოძიება დაავალა.
”ვაღიარებთ, რომ ინციდენტი სავაჭრო ცენტრში არსებულმა არასათანადო სასაწყობე და მართვის სისტემებმა გამოიწვია. ვადასტურებთ, რომ ამგვარი შემთხვევა შესაძლოა დაკავშირებული იყოს თვითმფრინავის გატაცებასთან ან ტერორიზმთან. ავიაუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მენეჯმენტის საფუძვლიანი ინფორმირებულობის საკითხზე სისტემატიურად ვიმუშავებთ,“ - განაცხადა ჰოკაიდოს აეროპორტმა.
New Chitose-ი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია, რომელიც ემსახურება მსოფლიოში მეორე ყველაზე მოთხოვნად შიდა საჰაერო მარშრუტს - ტოკიოსა და საპოროს შორის. 2022 წელს, აეროპორტით 15 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა.
0
0