
იაპონიაში, მოსახლეობაზე დათვების თავდასხმების შემთხვევების საგანგაშო ზრდა დაფიქსირდა. აპრილამდე, ქვეყანაში დათვების თავდასხმის რეკორდული 219 შემთხვევა გამოვლინდა - ოფიციალური მონაცემებით, აქედან 6 ფატალურად დასრულდა.
როგორც BBC-ი წერს, დათვები დასახლებულ ადგილებში ხშირად ჩნდებიან. დათვების მზარდი გავრცელების პრობლემის წინაშე, განსაკუთრებით, კუნძული ჰოკაიდო დგას, სადაც 12 000-მდე მურა დათვი ბინადრობს, რომლებიც, შავ დათვებთან შედარებით, უფრო აგრესიულები არიან.
მოქმედი კანონით, ლიცენზირებულ მონადირეებს იარაღით დათვის მოკვლა მხოლოდ პოლიციის თანხმობის შემდეგ შეუძლიათ. იაპონიის მთავრობა მომავალ საპარლამენტო სესიაზე კანონის გადახედვას გეგმავს - მონადირეებს იარაღის სროლის უფლება ექნებათ, თუ არსებობს ადამიანის დაზიანების რისკი, მაგალითად, როდესაც დათვი შენობაში შედის.
თუმცა მონადირეების თქმით, "დათვთან შეხვედრა საკმაოდ საშიშია და არასოდეს არის გარანტირებული, რომ მას სროლით მოვკლავთ. თუ ერთ პუნქტში შევაჩერებთ დათვის მოძრაობას, ის გაიქცევა და შეიძლება სხვა ადამიანებს დაესხას თავს".
ადგილობრივმა მთავრობებმა დათვების თავდასხმების თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა სტრატეგია შეიმუშავეს - „მცველის“ ფუნქციას ხელოვნური ინტელექტით შექმნილი რობოტი მგლები ასრულებენ. მგლებს წითელი თვალები აქვთ და ხმამაღლა ყმუილი შეუძლიათ.
„ცხოველების დაჭერა და დახოცვა არ არის წინსვლის გზა. უფრო მეტიც, მთავრობამ უნდა დაიცვას დათვების ჰაბიტატი, რათა ისინი ტერიტორიიდან არ გაუჩინარდნენ. გრძელვადიან პერსპექტივაში, აუცილებელია ეროვნული პოლიტიკის გატარება ტყის გარემოს შესაცვლელად და ბიომრავალფეროვანი ტყეების შესაქმნელად,“ - თქვა იაპონიის ველური ბუნების კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა ჯუნპეი ტანაკამ.
0
0