45 წლის შინჯი აობას სიკვდილი მიესაჯა 2019 წელს კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის გაჩენის გამო, რომლის შედეგადაც, 36 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
შინჯი აობამ დანაშაული აღიარა, თუმცა მისმა ადვოკატებმა, ბრალდებულის "გონებრივი არაკომპეტენტურობის" საფუძველზე, მისთვის სასჯელის შემსუბუქება მოითხოვეს. მოსამართლეებმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, რადგან მათი თქმით, ბრალდებულმა სტუდიაზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმა.
”დავადგინე, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებული არ იყო ფსიქიკურად შეშლილი. 36 ადამიანის სიკვდილი უკიდურესად მძიმე და ტრაგიკული შემთხვევაა,” - განაცხადა მთავარმა მოსამართლემ მასუდამ კიოტოს რაიონულ სასამართლოში.
ანიმაციური სტუდიის პერსონალის დიდი ნაწილი ცეცხლმოკიდებულ ზედა სართულებზე ჩარჩენის დროს დაიღუპა.
იაპონიაში, ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ინციდენტის გამო, ეროვნული გლოვა გამოცხადდა. პროკურორები დამნაშავის სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ აობამ სტუდიაზე თავდასხმა იმიტომ დაგგეგმა, რომ თავისი ნამუშევარი მოპარული ეგონა. ის Kyoto Animation-ს თავისი რომანის პლაგიატობაში სდებდა ბრალს. რომანმა კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც ფირმამ ჩაატარა.
2019 წლის ივლისში, შინჯი აობა სამუშაო დღის განმავლობაში სტუდიაში შეიჭრა, პირველ სართულზე ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. მოგვიანებით, მან 2023 წლის სექტემბერში, ბრალის აღიარების დროს განაცხადა, რომ არ იცოდა, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შენობაში.
,,სხვა გზა არ მქონდა, ეს მაინც უნდა გამეკეთებინა. თუმცა ძალიან ვწუხვარ და ვიაზრებ ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულს,“ - თქვა შინჯი აობამ.
თავად აობამ, ხანძრის შედეგად, სხეულის 90%-ზე მეტი დამწვრობა მიიღო და ის ოპერაციებიდან გამოჯანმრთელების შემდეგ დააკავეს.
როგორც ცნობილია, იაპონიაში კვლავ მოქმედებს სიკვდილით დასჯა ყველაზე მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიცაა მასობრივი მკვლელობა.

0
0