
2025 წლის 5 თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 243 777 ვიზიტორი ეწვია. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორთა შორის 40% ქართველი, ხოლო 60% სხვა ქვეყნის მოქალაქეა.
იანვარ-მაისში ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, წალკის კანიონს და მტირალას ეროვნულ პარკს.
„აღნიშნული მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს ვიზიტორთა მზარდ ინტერესს საქართველოს უნიკალური ბუნების მიმართ. დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სერვისების განვითარებას, რაც ხელს უწყობს მარტივ და კომფორტულ მოგზაურობასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას“, – აღნიშნავენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს, თბილისის ეროვნული პარკის, ასევე ბირთვისის კანიონის ბუნების ძეგლის განვითარების მასშტაბური პროექტები ხორციელდება.
როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული პროექტები წლის ბოლომდე დასრულდება და ვიზიტორებს კეთილმოწყობილი, უსაფრთხო მცირე ინფრასტრუქტურით უმასპინძლებს.
0
0