
რაც მოხდა, ალბათ ყველაზე მოკლედ შეიძლება შეფასდეს, როგორც „ქართული ოცნების“ სპეცოპერაცია, შესაბამისად ყველაფერი, რაც მოხდა, წინასწარ იყო დაგეგმილი ან ორგანიზებული რაღაც დონეზე „ქართული ოცნების“ ოფისში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, განხილვა, რომ ოპოზიციას გრიგოლ ლილიაშვილმა უღალატა, არასერიოზულია.
„რაც შეეხება ლილუაშვილის ღალატს, ლილუაშვილმა ოპოზიციას უღალატა, ეს წინადადება თავისი შინაარსით ოქსიმორონია. ძალიან უხერხულია, როდესაც ოპოზიციონერი მედიასაშუალებები იქნებიან თუ პოლიტიკოსები, ამას სერიოზულად განიხილავენ. ბაჩო ახალაიამ ბევრისგან განსხვავებით სასჯელი უკვე მოიხადა წარსულ ქმედებებზე. რაც შეეხება მის ჩარევებს ამ ამბებში, ვფიქრობ, ხელისუფლებას რამე სერიოზული მტკიცებულება ამისი რომ ჰქონოდა, ეიაით გაკეთებულ ფეიკვიდეოს არ დადებდა, როგორც მტკიცებულებას ბაჩო ახალაიას ამ სცენარში ჩართვის. აქედან გამომდინარე, მე სკეპტიკურად ვუყურებ ხელისუფლების ამ მტკიცებას ბაჩო ახალაიას ამ საქმეში დამნაშავეობის შესახებ.
მგონი, ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ქალბატონმა თამარ ჩერგოლეიშვილმა თავისი სიტყვა უკან წაიღო და ამიტომ, მომხდარ ფაქტზე ვერ ვიმსჯელებ. მე ვიცი, რომ ბაჩო ახალაიას სახელი დემონიზებულია ზოგადად ამ ქვეყანაში და მისი გამოყენება ხშირად შეიძლება, მოხდეს ხელისუფლების მიერ, როდესაც მას ყურადღების გადატანა სხვა თემაზე უნდა. ჩემი საყვარელი არგუმენტი მაინც ისაა, რომ ლილუაშვილმა უღალატა ოპოზიციურ საქმეს, თორემ ყველაფერი კარგად იქნებოდა. გეგმა მაინც გააცნონ საზოგადოებას, რას უღალატა ბატონმა ლილუაშვილმა. მგონი, მათი ამომრჩეველი შეჩვეულია, რომ გეგმა არ უნდა მოითხოვოს. ის, ვინც პასუხისმგებელია მაგალითად 4 ოქტომბერზე და უამრავ ტყუილზე, რაც აქამდე ხდებოდა, ნამდვილად არ უნდა დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში და უნდა დაგვემშვიდობონ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
0
0