
პაატა ბურჭულაძის იდეის საწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ, არ მჯერა მისი განხორციელების, რა გზებითაც ეს წარმოუდგენია პაატა ბურჭულაძესა და მის მეგობრებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩია გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რომელმაც დააანონსა ეროვნული ყრილობა, რაც, მისივე თქმით, მესამე რესპუბლიკის შექმნას ნიშნავს.
„ამ თემასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე შემხვდა და ვილაპარაკეთ. მას ვუთხარი და ზუსტად იმავეს ვიმეორებ, რა მიზნებიც მას აქვს, რომ მოსახლეობის 60-მა პროცენტმა საჯაროდ დაადასტუროს, რომ ის არ არის „ქართული ოცნების“ მომხრე. ამ იდეის საწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ არ მჯერა მისი განხორციელების იმ გზებით, რა გზებითაც ეს წარმოუდგენია პაატა ბურჭულაძესა და მის მეგობრებს. ამის მიუხედავად, მას წარმატება ვუსურვე ამ საკითხში, თუნდაც იმიტომ, რომ რამე რომ გამოუვიდეს, საზოგადოების პოლიტიკური გემოვნების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას მაინც მოგვცემს. რაც შეეხება პლატფორმას, სალომე ზურაბიშვილის იქნება თუ პაატა ბურჭულაძის, ამ პლატფორმების არ მჯერა. ხალხს როდესაც სჯეროდა და ხელს აწერდნენ პლატფორმების შექმნას, მაშინ ვაკრიტიკებდი. მოგეხსენებათ, იმ ხალხისგან კრიტიკა მხვდებოდა, რომლებიც ახლა პლატფორმებს აგინებენ. განსხვავებით პრეზიდენტის პლატფორმისგან, ეს იდეა არგანხორციელების შემთხვევაში, ბევრად ნაკლებად მავნებლურია, ვიდრე ქალბატონი პრეზიდენტის პლატფორმის გეგმა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0