
„ლელო“ იბრძვის მეორე ადგილისთვის, „ქართული ოცნება“ - პირველი ადგილისთვის, მიშა კი - ციხიდან გამოსვლისთვის." ამის შესახებ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას, "რადიო სივრცის" პირდაპირ ეთერში „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი განცხადებით, "ლელო“, შერჩეულია „ქართული ოცნების“ მიერ, რომელიც ყველა არჩევნების დროს ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი გაყოს და ის "ნაციონალების" ამომრჩეველი კი არ იყოს, არამედ სხვადასხვა გაურკვეველი პარტიებისა.
„ახლა რიგში ჩადგა "ლელო“ და ვინაიდან "ნაცმოძრაობა“ სრულიად გაურკვეველი მოტივით გაეთიშა თვითმმართველობის არჩევნებს და ასევე, გაურკვეველი მოტივებით "ლელო“ ამაში მონაწილეობს, ძალიან ბუნებრივია, რომ "ნაცებისთვის“ ხმები რომ არ დაიკარგოსო, ნამდვილ, ჭეშმარიტ ოპოზიციონერ "ლელოს“ მიეცითო თქვენი ხმა და დაიწყოს ეს კამპანია. თავის მხრივ, "ლელო“ უზრუნველყოფს იმას, რომ ის წინასაარჩევნო ფული, რომელიც უნდა დაიხარჯოს რეგიონებში და სხვადასხვა პარტიულ კოორდინატორებში, ახლა ამ ხარჯებს „ლელო“ გაიღებს. შესაბამისად, "ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანია , რომ მათ "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატის ნახევარი გათიშული ეყოლებათ. ამ ხმებიდან ცოტას წაიღებს პირობითად "ლელო“, მაგრამ ის საფრთხეს ვერ შექმნის "ქართული ოცნებისთვის“. ამიტომ, "ლელო" იბრძვის მეორე ადგილისთვის, "ქართული ოცნება "- პირველი ადგილისთვის, მიშა კი - ციხიდან გამოსვლისთვის“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, ამ კონფიგურაციაში რა როლი აქვთ „ახლებს“? - იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ფსონი აღარ არის დადებული "ახლებზე", რისი მიზეზიც თავად ახლების საქციელია.
„ გასაგები გახდა "ახლებმა“ რაც გააკეთეს და გვარამიამ თავისი შელახული პრესტიჟის აღსადგენად "ნაცებზე" უფრო მეტად "ნაცობა“ გადაწყვიტა. - მისი გუნდი რამდენიმე თვე ციხეში ჩაჯდება, შესაბამისად, მათ სურთ, ყველაზე რადიკალური ფრთის ნიშა შეინარჩუნონ.“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობს გვარამიასთან დაკავშირებით, ხვიჩიამ უპასუხა, რომ გულისხმობს წინა არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილის გაძარცვას.
„შესაბამისად, ახლა მიშას აძარცვინებენ "ლელოს“ და "ახლები“ სხედან ციხეში, რომ მათზე ეჭვი არავინ მიიტანოს. საბოლოოდ, შედეგი მაინც ერთი იქნება, როგორც წინა არჩევნებში - მიშა გაიძარცვა და „ქართულმა ოცნებამ“ უპრობლემოდ მოიგო არჩევნები. ზუსტად ასევე, ახლაც მიშა გაიძარცვება და "ქართული ოცნება“ ისევ უპრობლემოდ მოიგებს უფრო რთულად მოსაგებ მერების არჩევნებს“ - განაცხადა "რადიო სივრცის" ეთერში იაგო ხვიჩიამ.
0
0