
ევროპარლამენტარების მოწოდების გარეშეც შეგვეძლო იმის მიხვედრა, რომ ოპოზიცია თუ ერთიანი კანდიდატით გავიდოდა ამ არჩევნებზე, წარმატების შანსი ჰქონდა. წინა არჩევნების შედეგები გვეუბნება ამას. თუმცა მე ვერ გეტყვით, აქამდე რომ ვერ მიხვდა ოპოზიცია, რა უნდა გაეკეთებინათ. ის, რომ ევროპარლამენტარების მოწოდების საფუძველზე ამას მიხვდება, მაგაში მაინცდამაინც დარწმუნებული არ ვარ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ამასთან, იაგო ხვიჩიას თქმით, „ლელომ“ არასწორი სტრატეგია აირჩია.
„მან ჯერ მხარი დაუჭირა და დააფინანსა იმ ხალხის ლანძღვა, ვინც ამბობდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღოთო. ახლა თვითონ გადააწყვეტინეს ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღება. ჯერ სათანადო ფინანსები აქვს დასახარჯი, მაგალითად, საკუთარი ჯიბის ტელევიზიაში – „ტვ პირველში“. ფული უნდა გადაუხადოს ჟურნალისტებს, ვინც აგინებდნენ ხალხს, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. მერე გრიგოლიამ ქება უნდა დაიწყოს და უკან წაიღოს თავისი ნალაპარაკები, მერე იგივე უნდა გააკეთოს მიშველაძემ, მერე ფული უნდა გადაუხადოს სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორებს, ვისაც „ლელო“ აქამდე აქეზებდა, არჩევნებში არ მიიღოთ მონაწილეობაო.
ამიტომ, ევროპარლამენტარების ნათქვამი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი მგონია. „ლელოს“ შიგნით აქვს ბულინგის პრობლემა, თორემ ევროპარლამენტის წევრების ნათქვამს, რომ გითხრათ, რომ გადამწყვეტ მნიშვნელობას მივანიჭებდი, ასე არ არის. გადამწყვეტი მნიშვნელობა საკუთარ აზრს უნდა მიანიჭო. „ლელო“ როგორც აპირებს არჩევნებში გასვლას, მაგას სჯობს, არ გავიდნენ. სრულიად მართებულია „ლელოს“ მიმართ ამ აბსურდული გადაწყვეტილების ბულინგი. მარტო „ლელო“ თუ გავა არჩევნებზე, ეს არაფერ შუაში არ არის. „ლელო“ უნდა ყოფილიყო დონორი ერთიანობის, სადაც ხალხი დააყენებდა ზეპარტიულ კანდიდატს და „ლელო“ თავის პარტიულ ამბიციებს უკან გადადებდა. ეს იქნებოდა სწორი სტრატეგია, მაგრამ „ლელო“ თუ ამბობს, ხაზარაძე არის მთავარი მოგების კანდიდატი, მაგას სჯობს, ისევ ევროპარლამენტარებს დაუჯერონ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, რამდენად არის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცის ცვლილებისთვის“ მონაწილეობის მიღების შანსი, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა:
„ნაკლებად არის ამის შანსი, რადგან მგონი, ეს „ქოცებთან“ შეთანხმების საგანია და არა იმიტომ, რომ რაციონალურად არ შეუძლია, დაინახონ და იფიქრონ. მგონია, გვარამია დღემდე სახელშეკრულებო ურთიერთობაშია „ქოცებთან“, რის საფუძველზეც ამდენი ფული იშოვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ვფიქრობ, ახლაც მაგ დავალებებს ასრულებს და „ქოცებისთვის“ ყველაზე სასურველი სქემა არის, სადაც ნახევარი ოპოზიცია იღებს მონაწილეობას და მეორე ნახევარი მას აგინებს ამ მონაწილეობისთვის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0