
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, როდესაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ფართომასშტაბიანი კანონები, რომლებიც მიზნად ისახავდა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას და კრიტიკული მედიის გაჩუმებას.
მათივე ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ ძალა გამოიყენა.
„ეს ზომები ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების, ასევე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ. მარტში მიღებული ახალი კანონმდებლობა „უცხოელი აგენტების“ შესახებ მოითხოვს, რომ უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციები და ფიზიკური პირები დარეგისტრირდნენ სახელმწიფო რეესტრში და აწესებს მძიმე ფინანსურ ვალდებულებებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების საფრთხით. სხვა რეპრესიული ცვლილებები მოითხოვს მთავრობის თანხმობას ყველა უცხოური გრანტისთვის და კიდევ უფრო ზღუდავს მშვიდობიან საპროტესტო აქციებს, დამოუკიდებელ მედიას და სიტყვის თავისუფლებას. ხელისუფლებამ ასევე დაამტკიცა ტერმინების „გენდერი“ და „გენდერული თანასწორობა“ ამოღება ყველა კანონიდან და გააუქმა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო“, – ნათქვამია ანგარიშში.
Human Rights Watch-ი წერს, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ეს უკუსვლა დაგმეს, როგორც „ძირითადი უფლებების დარღვევა“ და აღნიშნეს, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი „ფაქტობრივად შეჩერებულია“.
ანგარიშში საუბარია 2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზეც. ორგანიზაცია წერს, რომ პროცესი განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მასშტაბური დარბევისა და ოპოზიციის ნაწილობრივი ბოიკოტის ფონზე ჩატარდა.
„ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მასშტაბური დარბევისა და ოპოზიციის ნაწილობრივი ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. არჩევნების დღეს ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა მთავრობის რეპრესიული პოლიტიკის გასაპროტესტებლად. დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა, როდესაც ზოგიერთმა მომიტინგემ პრეზიდენტის სასახლის შტურმი სცადა. პოლიციამ 60-ზე მეტი ადამიანი დააკავა ძალადობრივი გადატრიალების წაქეზებისა და კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის მცდელობის ბრალდებით“, – წერია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე საუბარია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებზეც. ორგანიზაცია წერს, რომ სასამართლომ რვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მათ შორის ექვსი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, რამდენიმეთვიანი პატიმრობა მიუსაჯა მმართველი პარტიის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ბოიკოტირებისთვის, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიება დაევალა.
0
0