01/05/2024
10:55
საზოგადოება
ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა „Anonymous“ მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ და „ქართული ოცნების“ მთავრობას კიბერშეტევებითა და მონაცემთა ბაზების გამჟღავნებით დაემუქრა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
1 მაისის ღამეს, მას შემდეგ რაც სპეცრაზმმა კვლავ გამოიყენა სპეცტექნიკა და ფიზიკური ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ, თბილისის ცენტრში, ჰაკერების საერთაშორისო ჯგუფმა მომიტინგეებს მხარდამჭერი სიტყვებით მიმართა. Anonymous-ის წევრები აქციის მონაწილეებს დახმარებას დაჰპირდნენ „დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში“.
საქართველოს პოლიციას ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობაც დაუკავშირდა:
„დემონსტრანტებზე თავდასხმა თქვენი ხელისუფლების ყველა მოხელეს გამოააშკარავებს. ჩვენ ავიღებთ თქვენს ყველა მონაცემთა ბაზას და ელექტრონული ფოსტის ანგარიშებს და განვათავსებთ მათ ინტერნეტში. ეს არის თქვენი პირველი და ერთადერთი გაფრთხილება. „ოცნების პარტია“, რომელსაც რუსეთი მხარს უჭერს, გახსოვდეთ: საქართველო რუსეთი არ არის და არც იქნება. დაგველოდეთ“, - ნათქვამია Telegram-ში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
საერთაშორისო ანონიმური ქსელის წევრები, რომლებიც საკუთარ თავს "ჰაკტივისტებს" უწოდებენ, აცხადებენ, რომ მოქმედებენ კონკრეტული იდეოლოგიის შესაბამისად და "სჯიან" მთავრობებს, კორპორაციებსა და ორგანიზაციებს, რომელთა ქმედებებსაც ისინი არ ეთანხმებიან.
0
0