
ჰაიტის პოლიციამ იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ჯოზეფ ფელიქს ბადიო დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია პრეზიდენტ ჯოვენელ მოისეს მკვლელობის დაკვეთაში.
ჯოზეფ ფელიქს ბადიო იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სუპერმარკეტის ავტოსადგომიდან მანქანით დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის მიმართულებით დაიძრა.
ბადიო ბრალდებულია მკვლელებისთვის თავდასხმის განხორციელების დაკვეთაში, მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობასა და შეიარაღებულ ძარცვაში. რამდენიმე თვეში კრიმინალურმა დაჯგუფებებმა დედაქალაქზე, მის ინფრასტრუქტურასა და მთავარ პორტზე კონტროლი გააფართოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბადიო იუსტიციის სამინისტროს ანტიკორუფციული სამსახურიდან მკვლელობის ჩადენამდე რამდენიმე თვით ადრე გაათავისუფლეს, სავარაუდოდ, პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის აღების გამო. მკვლელობის ჩადენიდან რამდენიმე საათის შემდეგ დაკავებულმა მკვლელებმა განაცხადეს, რომ 60 წლის ბადიო მათ დანაშაულის ჩადენისთვის ბრძანებებს აძლევდა.
დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირები, მათ შორის ჰაიტის ყოფილი სენატორი ჯონ ჯოელ ჯოზეფი და ჰაიტელ-ჩილეელი ბიზნესმენი როდოლფ იაარი, აშშ-ში გაასამართლეს.
აშშ-მა ასევე ფლორიდაში დაფუძნებული CTU Security-ის ვენესუელელ-ამერიკელი მფლობელი ანტონიო ინტრიაგო მკვლელების დაქირავებაში დაადანაშაულა.
როგორც ცნობილია, 2021 წლის 7 ივლისს ჰაიტის პრეზიდენტი ჯოვენელ მოისე საკუთარ რეზიდენციაში კოლუმბიელმა დაქირავებულმა პირებმა მოკლეს. მისმა სიკვდილმა ჰაიტი გახანგრძლივებულ პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდო, ხოლო კრიმინალის დონემ უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებლამდე მიაღწია.
გაეროს მიმდინარე კვირის ანგარიშის თანახმად, დამნაშავეთა დაჯგუფებები დედაქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, მართავენ სკოლებსა და კლინიკებს, ასევე ატერორებენ მოსახლეობას. 2023 წელს, პორტ-ო-პრენსში მზარდი ძალადობის ფონზე, ათასობით ჰაიტელმა სახლები დატოვა ან დაიღუპა.
გაერომ ოქტომბრის დასაწყისში მხარი დაუჭირა კენიის ინიციატივას (წესრიგის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით) მრავალეროვნული ძალების ხელმძღვანელობის შესახებ.
0
0