20/12/2022
12:23
მსოფლიო
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოში შექმნილი ვითარების გამოძიების დასრულების და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ მიუთითებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტი გამოიყენება როგორც რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტი, რომელიც მას აგრესორად წარმოაჩენს. ამის შესახებ რუსულ სააგენტო TASS-ს ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის“ წევრმა დავით სანაკოევმა განუცხადა.
„ის, რომ სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიების ეტაპი ამ ფორმით დასრულდა, მიუთითებს იმაზე, რომ ეს საერთაშორისო ინსტიტუტი გამოიყენება რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად. სამხრეთ ოსეთზე საქართველოს თავდასხმის დროს ჩვენ აღმოვჩნდით მსხვერპლი, და საქართველო არის აგრესორი, ახლა სასამართლოს უნდა ჩვენ კრიმინალებად წარმოგვაჩინოს, რუსეთი - აგრესორად, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წლის 8 აგვისტოს“, - განაცხადა სანაკოევმა.
მისი თქმით, სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ჩანს, რომ „2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმაში რუსეთის მიერ გაგზავნილი სამი ოსი პირია დამნაშავე. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩვენი ხალხი განადგურებისგან გადაარჩინა, რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ დამავალა საომარი მოქმედებების დროს ქართული შენაერთების მიერ ტყვედ ჩავარდნილი სამხრეთ ოსეთის ათობით მოქალაქის დაბრუნება. იმ დროს, ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა დაბრუნების პროცესში. მეეჭვება, რომ ადამიანის უფლებათა კომისარს რაიმე მონაწილეობა მიეღო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში“.
სანაკოევმა ასევე დასძინა, რომ საერთაშორისო სასამართლომ უგულებელყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების 3000 განცხადება, რომლებიც უჩიოდნენ ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
0
0