25/10/2022
14:34
პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი აქვს, თუმცა დეკემბერში არანაირი შეფასების მისია არ იქნება, რადგან ევროპარლამენტარები რეკომენდაციების შესრულების კუთხით პროგრესს ვერ ხედავენ. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 19-21 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისივე თქმით, გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, ევროკავშირამდე არ მიგვიყვანს, იმიტომ, რომ მათი მხრიდან რეკომენდაციების შესრულების პოლიტიკური ნება არ ჩანს.
ვაშაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან პარლამენტში არის რეგისტრირებული, ევროკავშირის მხრიდან პირდაპირ ნეგატიური შეფასების საფუძველია.
„2022 წლის ივნისში საქართველოს ყველა შანსი ჰქონდა, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. სამწუხაროდ, ამ შანსის რეალიზება არ მოხდა, იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიული რეფორმები არ განახორციელა და უფრო მეტიც, გადადგა ნაბიჯები, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარყოფითი შედეგი გამოიწვია.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი დარჩენილი იმის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, თუმცა სამწუხაროდ, გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას ევროკავშირამდე არ მიგვიყვანს, იმიტომ რომ მათი მხრიდან პოლიტიკური ნება არ ჩანს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების და იმ ძირითადი რეფორმების, რომელიც არის 12 პუნქტიან რეკომენდაციებში მოცემული. ეს რეფორმებია საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმა, მედიასთან დაკავშირებული რეფორმა. აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე დასმული იყო საკითხი ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით და იცით, რომ ევროპარლამენტმა ამას რეზოლუციაც მიუძღვნა ცალკე. ასევე, არის ანტიკორუფციული და სხვა მიმართულებით ის ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც განსახორციელებელია. უფრო მეტიც, სამწუხაროდ დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც რეგისტრირებულია პარლამენტში “ქართული ოცნების“ მხრიდან, პირდაპირ ნეგატიური შეფასების საფუძველია ევროკავშირის მხრიდან.
ჩვენ შანსი დარჩენილი გვაქვს, მაგრამ დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება, რადგან რეფორმების მიმართულებით პროგრესს ვერ ხედავენ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
0
0