-share.jpg)
გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს ევროპული კეთილდღეობა და განვითარება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს ჩვენი კულტურის, იდენტობის და ტრადიციების დაცვა? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! შეცდომის უფლება არ გვაქვს. არ გვაქვს არც დაღლის, არც ნიჰილიზმის უფლება, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ახალგაზრდული ფორუმი 2024-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თინა ბოკუჩავას თქმით, 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი რეფერენდუმზე მივდივართ: „ევროპა, ცივილიზაცია, განათლებული სამყარო თუ ისევ ავტოკრატია, კორუფცია, ნეპოტიზმი, რუსეთის განუზომელი გავლენა“.
"ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები. ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, თითოეულმა ჩვენგანმა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, უნდა ვეძებოთ არა განსხვავებები, არამედ საერთო შეხების წერტილები. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება შევიდეთ ნორმალურ საარჩევნო კამპანიებში, სადაც მოქალაქე არჩევანს საარჩევნო პროგრამის მიხედვით აკეთებს. 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი მივდივართ რეფერენდუმზე - ევროპა, ცივილიზაცია, განათლებული სამყარო თუ ისევ ავტოკრატია, კორუფცია, ნეპოტიზმი, რუსეთის განუზომელი გავლენა.
აქ შეცდომის უფლება არ გვაქვს. არ გვაქვს არც დაღლის, არც ნიჰილიზმის უფლება.
მოარული სტერეოტიპია, რომ ახალგაზრდები არჩევნებზე არ დადიან, პოლიტიკა არ აინტერესებთ, ინდიფერენტულები არიან. თქვენ დაამტკიცეთ, რომ თუ საქმე ქვეყნის ბედს ეხება, არათუ მონაწილეობთ, არამედ პროცესების მთავარი წარმმართველი ძალა ხართ.
მეტიც, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმოკლეს ვადებში ქვეყნის მართვის სადავეები მთლიანად დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულმა უნიკალურმა თაობამ გადაიბაროთ! სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას ჰაერივით ჭირდება!
ივანიშვილი და მისი პროპაგანდა ცდილობენ დაგიმტკიცონ, რომ პოლიტიკა თქვენი საქმე არაა, რომ არ უნდა გაეკაროთ პოლიტიკურ პროცესს, არ ენდოთ არავის. ამით სურთ მათთვის ყველაზე საშიში ძალა გაანეიტრალონ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0