გვიხარია შეფასებები, რაც პია კაუმასგან მოვისმინეთ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აქტიური ბულინგის კამპანიას, რომელმაც, პრაქტიკულად, ხელი შეუშალა საქართველოში მის ჩამოსვლას, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.
ბითაძის თქმით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან განსაკუთრებით თბილი შეხვედრა გვქონდა. ეუთო უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს გვერდით დგას. ჩვენ ის შეფასებები გვიხარია, რაც პია კაუმასგან დღეს მოვისმინეთ. ხაზი გაესვა იმ აქტიური ბულინგის კამპანიას, რომელმაც, პრაქტიკულად, ხელი შეუშალა საქართველოში მის ჩამოსვლას, რაც არჩევნების შემდეგ დაგეგმილი იყო. საქართველოში მიმდინარე პროცესები ღიად განვიხილეთ, მათ შორის ის მილევადი პროცესი, რომელიც ხელოვნურად იყო გამოწვეული“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ეუთო-სა და საქართველოს შორის უახლოეს მომავალში უფრო მჭიდრო ურთიერთობა გაგრძელდება.
„ასევე ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა რადიკალური ძალების მიმდინარე მცდელობას, ვითარების ესკალაცია ისევ გამოიწვიონ. ეუთო-სთვის უკვე თვალნათელია, რომ ხელოვნური პროცესები, რომელიც მიზნად ისახავდა არჩევნებთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფას, ზიანს აყენებდა არა მხოლოდ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არამედ მათ შორის ეუთო-ს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციას. ვფიქრობ, ეუთო-სა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობა გაგრძელდება, მათ შორის უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
0
0
მერაბ დვალიშვილი საქართველოშია
11/06/2025