04/04/2023
16:19
პოლიტიკა
ჩვენ გვექნება ყველა იმ ადამიანის სია, დაწყებული ივანიშვილიდან, გაგრძელებული მისი მონა ღარიბაშვილით და დამთავრებული ყველა ბადრაგით, რომელიც დღეს ცდილობს, რომ გრიგორიადისის ღირსება შელახოს - ყველა აგებს პასუხს, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ღირსების და ევროპული არჩევანი სწორედ ლაზარე გრიგორიადისი დაცვაზე გადის და ყველას ძალისხმევა მისი გათავისუფლებისკენ უნდა იყოს მიმართული.
ელენე ხოშტარია გრიგორიადისის დასაცავად მასშტაბურ აქციას აანონსებს.
„რუსულმა რეჟიმმა რუსული რევანშის სამიზნედ აირჩია ლაზარე. ადამიანი, რომელიც უნდა ამაყობდეს იმით, რომ მან დაიცვა საქართველოს ღირსება. ეს არ არის უბრალოდ ცალკე აღებული უკანონო პოლიტიზებული საქმე. ეს არის ადამიანის ღირსების შემლახველი, ძალადობრივი, პოლიტიზებული და უნამუსო კამპანია ლაზარეს წინააღმდეგ, რომელიც გამიზნულად მიმართულია ევროპული არჩევანის წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენ ყველა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად იმისა, თუ რა საზოგადოებრივ ჯგუფს ვეკუთვნით, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს ღირსების და ევროპული არჩევანის ხაზი გადის სწორედ ლაზარეს დაცვაზე და ჩვენ ვდებთ პირობას, რომ გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ლაზარე იყოს თავისუფალი და ლაზარემ მიიღოს ის პატივისცემა, რომელსაც ის იმსახურებს. შევუერთდები აბსოლუტურად ყველა აქციას, რომელიც ლაზარეს დასაცავად იქნება მიმართული. ვიმუშავებთ ძალიან ფართო მასშტაბიან, დიდ, მძლავრ აქციაზე ლაზარეს დასაცავად. უკვე გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ღირსების საკითხია ლაზარეს დაცვა და ყველა იმ ადამიანის დაცვა, ვინც 7-9 მარტს იცავდა ქართულ ევროპულ არჩევანს. ჩვენ გვექნება სია ყველა იმ ადამიანის, დაწყებული ივანიშვილიდან, გაგრძელებული მისი მონა ღარიბაშვილით და დამთავრებული ყველა ბადრაგით, რომელიც დღეს ცდილობს, რომ მისი ღირსება შელახოს. პირობას ვდებ, ყველა აგებს პასუხს”, - განაცხადა ხოშტარიამ.
0
0