
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ოფიციალური მოსკოვის მხრიდან დარია დუგინას მკვლელობის ბრალდებას გამოეხმაურა.
როგორც უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რუსული სპეცსამსახურები "გამოგონილ სამყაროში" ცხოვრობენ.
პოდოლიაკმა „ტვიტერის“ საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დუგინა რუსულმა სპეცსამსახურებმა იმსხვერპლეს.
"რუსული პროპაგანდა გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს: [მათი თქმით] უკრაინელ ქალს და მის 12 წლის შვილს "დაავალეს" პროპაგანდისტი დუგინას მანქანის აფეთქება. გასაკვირია, რომ მათ "ესტონეთის ვიზა" ადგილზე ვერ აღმოაჩინეს. "გველებმა" რუსულ სპეცსამსახურებში შიდასახეობრივი ბრძოლა დაიწყეს", - განაცხადა პოდოლიაკმა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც დარია დუგინა უკრაინულმა სპეცსამსახურებმა მოკლეს.
ცნობისთვის, გუშინ 21 აგვისტოს, მიხაილო პოდოლიაკმა ასევე კატეგორიულად უარყო უკრაინის კავშირი მოსკოვის სიახლოვეს მომხდარ აფეთქებაში, რომელსაც ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი ემსხვერპლა.
უკრაინული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ასევე თქვა, რომ უკრაინას მომხდართან არაფერი აქვს საერთო, "რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, რომელიც არის რუსეთის ფედერაცია და მით უმეტეს, ჩვენ არ ვართ ტერორისტული სახელმწიფო".
ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს და ჩაიდინეს. რუსული სპეცსამსახურებს თქმით, დამნაშავე არის უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი.
0
0