28/08/2023
10:52
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს 2024 წელს უკრაინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მაგრამ, მისივე თქმით, ეს მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, პარტნიორებისა და საერთაშორისო დამკვირვებლებისგან დაფინანსებას, თუნდაც ფრონტის ხაზზე.
პრეზიდენტმა აღიარა, რომ უკრაინაში არჩევნების საკითხი არის ის, რამაც შეიძლება „გაყოს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა“. უკრაინის ლიდერი ამბობს, რომ ომის დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარება კანონითაც აკრძალულია.
„ლოგიკაა, რომ თუ იცავ დემოკრატიას, მაშინ ომის დროსაც უნდა იფიქრო მასზე. არჩევნები დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ არჩევნები დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურს მოითხოვს.
არჩევნებს კრედიტით არ ჩავატარებთ. არც იარაღისთვის გამოყოფილ თანხას დავხარჯავთ არჩევნებისთვის. მაგრამ თუ დასავლეთი შესაბამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, მაშინ კანონმდებლობის შეცვლაც შესაძლებელია და არჩევნების ჩატარებაც.
დაგვჭირდება დამკვირვებლები სანგრებშიც: ჩვენ უნდა გავუშვათ დამკვირვებლები ფრონტის ხაზზე, რომ არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს. არჩევნების ჩასატარებლად 5 მილიარდია საჭირო, რომელსაც ბიუჯეტიდან ჩვენ ვერ დავხარჯავთ", განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე ისაუბრა იმ 7 მილიონ უკრაინელზე, რომლებმაც საომარი მოქმედებების გამო ქვეყანა დატოვეს და უცხეოთში ლტოლვილებად იმყოფებიან.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ საარჩევნო უბნების ორგანიზება საჭირო იქნება უცხოეთის ქვეყნებშიც, რასაც ასევე “დასავლელი მეგობრების ფინანსური დახმარება დასჭირდება”.
0
0