
ნიკა გვარამია, როგორც ჩანს, საკუთარი გამოცდილებით აფასებს სხვის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ვერც ქვეყნის შიგნიდან და ვერც გარედან ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერავინ მოახდენს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როცა დრო მოვა, საზოგადოებას თავად გააცნობენ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
„ნიკა გვარამია, როგორც ჩანს, საკუთარი გამოცდილებითა და საკუთარი ადლით აფასებს სხვის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩვენ არაფერს არ ვიტოვებთ და არ ვატყუებთ, არათანმიმდევრულად არ ვექცევით ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია. ხაზგასმით ვიმეორებ, ვერავინ, ვერც ქვეყნის შიგნიდან, მით უმეტეს გვარამია და ვერც ქვეყნის გარედან, გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს გადაწყვეტილებებზე ამ საკითხთან დაკავშირებით. როცა ამის დრო მოვა და როცა ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და რა ფორმითაც ჩავთვლით საჭიროდ, ისე დავაფიქსირებთ პოზიციას. ეს არა სხვისი, არამედ ჩვენი საზოგადოების, ამომრჩევლის და გუნდის გარდა, არავის გადასაწყვეტი არ არის“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ოპოზიციურ პარტიებს მიმართა, „ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა გასცეთ, აპირებთ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას“.
0
0