
გვარამია: ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ერთად ერთი რამ, რის შემდეგაც მას დაელაპარაკებიან და პირად გარანტიებსაც კი მისცემენ, არის ჯადოსნური ფრაზა: ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. მას ჯერ კიდევ აქვს დრო - ამის შესახებ, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"ვაგრძელებ გუშინდელ სტატუსს, რომელიც შუადღისკენ გადავეცი ადვოკატს და ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი.
„ლოტოტრონის სამართალი“ დღესაც გაგრძელდა. კვლავ არ უნდა ვეძებოთ ლოგიკა. მიზანია მთავარი: საკუთარი ამომრჩევლისთვის „გაპრავების“ საშუალების მიცემა (აი ვიღაცეების ხომ გამოუშვეს? აი ვიღაცეებს ხომ შეუმსუბუქეს?) და პოლიტპატიმრებში და მათ ოჯახის წევრებში ეჭვებისა და განხეთქილების ბზარების შეტანის მცდელობა, რაც საერთოდ არ გამოუვიდათ. ქალები და ბიჭები, ვინც სისტემამ ციხეში გაუშვა არიან საქართველოს სიამაყე და, სხვათა შორის, არა მხოლოდ პატიმრობაში მათი გაუტეხლობის გამო. ასე ყველა გონიერი, მშვენივრად მომეტყველე, მწერალი და ლამაზი ქართველი შემთხვევით ნამდვილად არ არის შერჩეული. ერს გვსჯიან ანუ გენოფონდის დონეზე გვსჯიან. განაჩენი კი ამ უსახო მოსამართლეებმა კი არა, წულუკიანმა წაიკითხა გუშინ. ვინც იცის, რამდენი ხნის ოცნება აისრულა ჯალათმა 2.0.
არც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან შემთხვევით შერჩეულები: ან უკრაინელები, ან ანტიპუტინისტი რუსები. ანტონ ჩეჩინის ისტორიის დეტალები გუშინ ნანუკა ჟორჟოლიანის კომენტარით გავიგე (დიდი მადლობა მას ამისთვის) და ვწუხვარ, რომ ცოტა გვერდზე მოგვრჩა ყველას ეს ამბავი. ეს კაცი დღეს პირდაპირი მნიშვნელობით პუტინის პატიმარია, რომელიც რუსეთში ვერ დააპატიმრა და საქართველოში მიწვდა. თან ისეთ საქმეზე მიუსაჯეს, სადაც ქართველები გამართლდნენ. და ამის შემდეგ რეჟიმის წარმომადგენლები იცავენ ქართულ ტრადიციებს? ამათ აქვთ წაკითხული ვაჟას სტუმარ-მასპინძელი? ამათთვის ქართველობა ეროვნული განზომილება არაა, ეთნოგრაფიაა და სადღეგრძელოებს და ურბანულ ლეგენდებს არ ცდება.
ჩემი მხარდაჭერა გუშინ დაპატიმრებულ პატრიოტებს! კვლავ მივუბრუნდები ქოცების ვითომ ტრადიციების დამცველობას: ხელბორკილ დადებული ქალების გაშიშვლება ქართველობაა? რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობაა. მამის მიერ შვილის გაშავება ქართველობაა? ამაზე სამარცხვინო რა უნდა ჩაიდინოს მამამ. ვინ იცის, ოთარ ჩრდილელს თავი ხევისბერი გოჩა ჰგონია, შვილის ბიძინას გამო უარმყოფელს.
პრეზიდენტ ტრამპისთვის მიწერილი წერილი გამომრჩა. ქოცები რომ საერთაშორისო ყურადღების მათხოვრებად იქცნენ, არახალია. „დაგველაპარაკეთ“ - საგარეო პოლიტიკის ერთადერთი კონცეფციაა დღეს. არ დაგელაპარაკებიან, ბიძინა! დაივიწყე ეგ ამბავი. ტყუილად ეხეთქები კედლებს. კობახიძე, ბოჭორიშვილი, პაპუაშვილი, ყაველაშვილი და სხვები მაგ არხს არათუ ვერ გაგიხსნიან, არამედ სულ უფრო მეტად დაგიხშობენ. კობახიძე გაეროში იმიტომ ვერ მიდის, რომ როგორც წინა კვირას აშშ-მ ჰამასს ვიზები, ახლა იგივესი თვითონ ეშინია? შევახსენებ, მას არ იცავს ვენის კონვენცია ქვეყანაში არ შეშვებისგან. ვალდებულება მხოლოდ სახელმწიფო მეთაურზე ვრცელდება, რასაც დღეს, ნომინალურად, პრეზიდენტად წოდებული ბიძინას ჯორცხენი წარმოადგენს.
ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ერთად ერთი რამ, რის შემდეგაც მას დაელაპარაკებიან და პირად გარანტიებსაც კი მისცემენ, არის ჯადოსნური ფრაზა: ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. მას ჯერ კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა, უიმედოდ დახშული ყველა კარი გაიღოს მისთვის. „ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება“ - ესაა მისი „სეზამ, გაიღე!“
უცხოელების თემაზე გამახსენდა: ოპოზიცია იდეალურად შეწყობილად, რაციონალურად და გონივრულად მუშაობს უცხოელებთან, იდეალურად! მეტი ფიქრი გვმართებს იმაზე, რატომ იგივე არ ხდება ქვეყნის შიგნითაც. პოლიტიკოსებმა უნდა იფიქრონ ამაზე (პირველ რიგში), მაგრამ მედიამაც და საზოგადოებამაც. პრობლემა მარტო პოლიტიკოსებში ვერ იქნება.
უკომენტაროდ:
„აუცილებელია უფლებებს იცავდეს კანონის ძალა, იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღდეგ“
1948 წლის გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია,"- წერს ნიკა გვარამია.
0
0