
გურიაში კვლავ რთული ვითარებაა. რეგიონში ამ დრომდე რჩება დასახლებები, სადაც დიდთოვლობის გამო გადაადგილება შეუძლებელია. რთულ მონაკვეთებზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, თუმცა ინტენსიური თოვა ხშირად სამუშაო პროცესს აფერხებს. გაწმენდილი გზის საფარი ძლიერი ნალექის გამო მალევე თოვლით იფარება.
გურიის რეგიონში მობილიზებულია თავდაცვის ძალების ავტოტრანსპორტი. სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობს ქართული ჯარი. თავდაცვის უწყების სამაშველო ოპერაციებში ჩართვის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გუშინ მიიღო და შესაბამისი განკარგულებაც გამოსცა.
"არსებობს ისეთი სოფლები, სადაც ჯერჯერობით, გადაადგილება შეუძლებელია, თუმცა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, ყველა სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა სპეციალური შტაბის სხდომა, სადაც მიღებული იქნა კონკრეტული მითითებები, დაიხაზა კონკრეტული გეგმა და არც ერთი ჩვენი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების მიღმა," - აცხადეს გურიის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ურუშაძე.
0
0