
ევროპაში და განსაკუთრებით, ევროპულ ბიუროკრატიაში, ტექნოკრატიაში, რადაც ახლა არის გადაქცეული, ყოველთვის ვხედავდი ორმაგ სტანდარტს, ანუ ეთიკურ რელატივიზმს. "რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს" - ამ პრინციპით გვიდგებოდნენ ჩვენ სულ, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.
მისი თქმით, ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა და მათ მიერ მიღებული რეზოლუციები, სადაც დავით კეზერაშვილი დევნილ მედია პერსონად არის მოხსენიებული, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად, ხოლო მიხეილ სააკაშვილი კი - პოლიტპატიმრად.
"მარტივად, სანქციების პოლიტიკას რომ შევხედოთ, როგორ შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ მხარდაჭერილები და „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ სანქცირებულები, როგორ შეიძლება, მაგალითად 309 ევროპარლამენტარმა პირველად რომ რეზოლუცია გამოაქვეყნა, კეზერაშვილი არის დევნილი მედია-პერსონა და ივანიშვილი არის ოლიგარქი, სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. ეს მთლიანად, არის ორმაგი სტანდარტი. ადეიშვილიც ხომ ჰყავთ იქ და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ.“- აღნიშნა სულთანიშვილმა.
მისივე განცხადებით, ევროპა თანასწორობასთან და თავისუფლებასთან ასოცირდება, თუმცა, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ გერმანიაში, საფრანგეთსა თუ რუმინეთში, გამოხატვის თავისუფლება იზღუდება და ყველაფერი ის, რაც ბიუროკრატებს არ აწყობთ, იფუთება როგორც რუსული.
'ევროპა, საბოლოო ჯამში, ჩემთვის ასოცირდება სრულიად სხვა რამესთან. ობიექტური რეალობაა, რომ ევროპა იყო თანასწორობა, თავისუფლება და რაც ყველაზე მთავარია, გამოხატვის თავისუფლება. მაგალითად, ახლა გერმანიის არჩევნები ხომ ვნახეთ, AfD-ს რა უქნეს, ყველგან აკრძალული იყო ბილბორდზე, ტელეეთერში ან სადმე მათი გამოჩენა. რა უქნეს, მაგალითად, ლე პენს საფრანგეთში, ან რა ხდება რუმინეთში. მათთვის ყოველთვის არსებობს ცარიელი აღმნიშვნელი ცვლადი - რუსეთი. მაგალითად, მიშას მმართველობა რომ გავიხსენოთ, ბოლოს ყველას რუსეთის აგენტს ეძახდა: სტუდენტიც კი, რომელიც აკრიტიკებდა განათლების სისტემას, ისიც რუსეთის აგენტი იყო. ასე ხდება დაახლოებით ევროპაშიც - რაც არ აწყობთ, უბრალოდ, ასე იფუთება და ეს არის ორმაგი სტანდარტი.“ - განაცხადა გური სულთანიშვილმა.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025