
პარლამენტში როცა აგირჩევენ და არ შემოხვალ, რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი? ყველაფერზე უარს თავად ამბობენ, შესაბამისად, არ შეიძლება, საუბარი პოლიტიკურ დევნაზე იყოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ფილიალებმა რა ხარაკირიც ჩაიტარეს, შესაბამისი შედეგი მიიღეს.
„არსებობს ასეთი გამონათქვამი – „თუ ადამიანს თავის თავისთვის სიკეთე არ უნდა, ამას ვერავინ აიძულებს“. შესაბამისად, „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ფილიალებმა რა ხარაკირიც იტარეს, ის შედეგები მიიღეს. არაერთხელ ვუთხარით, რამდენიც უნდოდათ ხელისუფლება ეკრიტიკებინათ, მაგრამ რადიკალიზმისთვის, ქვეყნის დამაზიანებელი განცხადებებისთვის და აგენტობისთვის თავი დაენებებინათ. ამას არათუ თავი არ დაანებეს, არამედ საჯაროდ აღიარებდნენ, რომ ამაყობენ, უცხო ქვეყნის და უცხო ძალების წარმომადგენლები რომ არიან საქართველოში. ამაყობენ იმითაც, რომ უცხოური ძალები თუ ეტყვიან, ცალ ფეხზე დადგებიან, სუვერენიტეტს ბრიუსელს გადააბარებენ, ტრადიციებს შეაგინებენ, ეკლესიას გალანძღავენ და ა.შ. ეს არის ხარაკირი და თან არა მხოლოდ პოლიტიკური. მათი მარცხიც აქედან გამომდინარეობს. რა პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ? ვის ატყუებენ? როცა პარლამენტში აგირჩევენ და არ შემოხვალ, რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი? – პოლიტიკურად დევნიან მაშინ, როცა ავიწროებენ, აშანტაჟებენ, ფიზიკურად უპირისპირდებიან, უსწორდებიან, პარლამენტში ხმას არ აღებინებენ, საკრებულოში არ უშვებენ და ა.შ. ჩვენ პირიქით, მაგას ვეუბნებოდით, შედით პარლამენტში, საკრებულოში. ყველაფერზე უარს თავად ამბობენ. შესაბამისად, არ შეიძლება, პოლიტიკურ დევნაზე იყოს საუბარი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
0
0
 
             
             
             
             
             
            