
ფასების შემსწავლელი კომისიის ეს დასკვნა არ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რაც თავად ხელისუფლებამ გასული წლის ბოლოს დააანონსა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფასების კომისიის დასკვნაში არ ჩანს, რა კონკრეტული გეგმა არსებობს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით.
„უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ა. აქ იყო საუბარი კარტელურ გარიგებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანსაღი კონკურენცია არ იყო და შესაბამისად, ფასები იმიტომ იყო ზოგიერთ პროდუქტზე მაღალი. იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოში გაცილებით მაღალია პროდუქტებზე ფასი, ვიდრე იმავე პროდუქტის ფასი, მათ შორის ევროპაში და რამდენიმე თვეში ჩვენ კომისიის დასკვნაში ეს ყველაფერი ვერ დავინახეთ აღსრულების თვალსაზრისით. აქ ზოგადი კონცეფციების დონეზე მიგნებები ნამდვილად არის, ეს ეხება მარეგულირებლის შექმნას, ეს ეხება შორს გათვლილ პოლიტიკას, მოკლევადიან პერსპექტივებს, კონკურენციის შექმნას, მაგრამ აქ არ არის კონკრეტიკა. ნუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი უფრო სამეცნიერო ხასიათისაა და პარლამენტი არ გახლავთ სამეცნიერო დაწესებულება, ეს არის პოლიტიკური ორგანო, რომელმაც კონკრეტული გეგმა და დავალება უნდა მისცეს აღმასრულებელ ხელისუფლებას და შესაბამისად მოსთხოვოს.
ამ დასკვნაში ჩვენ ვერ დავინახეთ თუნდაც ერთი თვის, ორი თვის შემდეგ, ვის უნდა მოვთხოვოთ, რა გეგმა აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას, თუ საერთოდ აქვს გეგმა ამასთან დაკავშირებით. საერთოდ, არ წერია ამ დოკუმენტში, მაგალითად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ რამდენ ხანში უნდა მოახდინოს რეაგირება ამასთან დაკავშირებით. რეალურად უფრო სურვილის ხასიათი ჰქონდა ამ დასკვნას და სურვილი ისედაც ჰქონდა საზოგადოებასაც და ჩვენც, რომ ფასები დარეგულირებულიყო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კომისიის დასკვნაში ბევრი მიგნება იყო, თუმცა არაფერი იყო ნათქვამი აღსრულების მექანიზმის შესახებ.
„პარლამენტი არის ის ორგანო, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელი და კონკრეტული დავალებები და ვადები უნდა იქნეს მიცემული აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ამ დასკვნას. პროცედურულად ბიუროს გადაეცემა ეს დასკვნა, შემდგომ ბიურო იღებს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში რადგან ეს დროებითი კომისიაა და არა საგამოძიებო კომისია, ბიურო იღებს გადაწყვეტილებას, გავა ეს დასკვნა სესიაზე თუ არა. როდესაც ამ მუშაობის პროცესში ჩვენ დავინახეთ იგივე მედიკამენტებთან დაკავშირებით, როდესაც პრობლემა არის არა მარტო არაჯანსაღ კონკურენციაში, არამედ იმაშიც, რომ მაგალითად ერთი და იმავე ჯგუფს აქვს კლინიკა, აქვს დაზღვევა, ყველა მოცემულობა აქვს და ჯანსაღი კონკურენცია ვერ იქნება. ასევეა პროდუქტებზეც, გასული წლის ბოლოს თავად ხელისუფლებამ თქვა, რომ იყო კარტელური გარიგებები და ჩვენც ვნახეთ კომისიაზე.
ამ კომისიამ ბევრი რამე გამოავლინა. თავმჯდომარის საბოლოო დასკვნით სიტყვაში ძალიან ბევრი მიგნებები იყო, მათ შორის, დასკვნაში, თუ რა არის პრობლემა, ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით და სწორია, მაგრამ აღსრულების მექანიზმი თუ არ იქნა, დარჩება ეს სურვილის დონეზე, ეს არის მთავარი პრობლემა. ამ დასკვნაში უნდა იყოს მითითებები აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. დაგვიდოს პარლამენტს გეგმა, რა ვადაში აპირებს, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას, რადგან ბერკეტი აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
0
0