13/02/2026
22:57

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სურსათის ფასების დაწევასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმიანება.
მისი თქმით, ქვეყანაში ფასების შემცირება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბალანსი ბიზნესის მოგებასა და მოქალაქეების ინტერესებს შორის.
მისივე განცხადებით, კონკურენციის სააგენტომ კარტელური გარიგებები უნდა გამოავლინოს, ხოლო მთავრობის კომისია უკვე სწავლობს ფასების ზრდის მიზეზებს მთელ მიწოდების ჯაჭვში.
„უპირველეს ყოვლისა, შევეხოთ ჩვენს ძირეულ პრობლემას, რაც საზოგადოებასაც აინტერესებს — ფასები უნდა დაიწიოს. უსაშველოდ დიდი მოგების ხარჯზე მოქალაქეებზე ზეწოლა არ უნდა ხდებოდეს.
ძალიან მარტივი ორი კომპონენტია: არაერთხელ გვითქვამს და ახლაც ვიმეორებ - ერთია, რომ ეს ბიზნესის ბუნებაა და ასეც უნდა იყოს; ქვეყანაში ეკონომიკა ვითარდება ბიზნესის განვითარების ხარჯზე და არსებული რეგულაციები სწორედ ამას უწყობს ხელს. გასაგებია ისიც, რომ ბიზნესმენს ერთი ლარის ნაცვლად ორი ლარის მოგება უნდა, სამიც არ იქნებოდა ურიგო და იფიქრებს ხუთზეც, მაგრამ სახელმწიფო სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ამ პროცესში რიგითი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული.
ვნახეთ რამდენიმე დღის წინ ტრამპმა რა გააკეთა მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით - შექმნა სახელმწიფო პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა შუამავალი კომპანიების გარეშე. საუბარი იმაზეა, რომ სახელმწიფომ ეს ყველაფერი უნდა დაარეგულიროს ანტიმონოპოლიური კანონითა და კონკურენციის სააგენტოს ეფექტიანი მუშაობით, რაც ჩვენც გვაქვს.
ახლა რასაც ვაკეთებთ და რასაც პრემიერ-მინისტრის კომისია აკეთებდა, სწორედ კონკურენციის სააგენტოს უნდა გაეკეთებინა. ჩვენ დეტალურად ვიკვლევთ მთელ ჯაჭვს: მწარმოებლიდან დისტრიბუტორამდე და საცალო ფასამდე, ვეძებთ, სად არის პრობლემა და ვინ ზრდის მოგების საფასურს. თავად მწარმოებლებმაც აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში მათ ფასები არ გაუზრდიათ, თუმცა დახლზე ფასი გაზრდილია, ანუ უკვე დაახლოებით ვიცით, სად არის ფასების დაკლების რესურსი.
ასევე ვიცით, რომ არსებობს გამოწვევა მცირე მეწარმეებისთვის. მათ ვერ შეაქვთ საკუთარი პროდუქცია ქსელებში. როგორც გავარკვიეთ, სავარაუდოდ 4–5 კომპანია, რომელიც ბაზარზე დომინირებს, თანხმდება და ისინი კარნახობენ ფასებს მთელ ბიზნესს. ეს კონკურენციის სააგენტოს საკითხია - უნდა გამოავლინონ და აღმოფხვრან კარტელური გარიგებები.
როდესაც პრემიერი ამაზე საუბრობს, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი ფაქტები არსებობს და ასეთი გარიგებების აღმოფხვრა კონკურენციის სააგენტოს პირდაპირი მოვალეობაა. ბიზნესის განვითარებისთვის ქვეყანაში ყველაფერი კეთდება და ასე გაგრძელდება, მაგრამ მოსაძებნია „ოქროს შუალედი“, რომ მოქალაქეს ესმოდეს - ბიზნესს მოგება უნდა დარჩეს, თუმცა თავად უსაშველოდ არ უნდა ზარალდებოდეს. სწორედ ამისთვის არსებობს სახელმწიფო და ამ მიზნით მუშაობს კომისია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0