
ვერ გვექნება კომპრომისი ხარისხსა და სამუშაოების შესრულების ვადაზე, ეს არის უმთავრესი რამ. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ტექნიკურ რეგლამენტშიც სავალდებულო კომპონენტია, რომ ჩვენ ხარისხობრივი კომპონენტებით გამოვაცხადებთ შესყიდვებს და მოვითხოვთ იმავე ხარისხის შესრულებას, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გურამ დუმბაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
როგორც გურამ დუმბაძემ აღნიშნა, ინიცირებული ცვლილებები, რომელთა პრაქტიკაში განხორციელება უკვე დაიწყო, ყოვლისმომცველია.
„ცენტრალიზებულ შემსყიდველ ორგანოს რაც შეეხება, ვიცით, რომ შეიცვალა შესყიდვების პრაქტიკა, სამომავლოდ კონკრეტული ზღვარი იქნა აღებული, სადაც 500 ათას ლარს ზევით საქონლისა და მომსახურების შესყიდვას განახორციელებს ცენტრალური შესყიდვების ორგანო. ერთ ნაწილში მოვახდინეთ შესყიდვების კონცენტრირება. აქ გამოიყენება ერთი გამოცდილება, ერთი მიდგომა, ერთი ტექნიკური დავალება და სხვადასხვა შემსყიდველი სხვადასხვა სპეციფიკას როცა იყენებს და ხშირად ბიზნესისთვის გაუგებარია, ეს გაცილებით მარტივი იქნება მათთვის. ამავდროულად, სააგენტოს ექნება მონიტორინგის ფუნქციაც, როდესაც კონკრეტულ შესყიდვას განახორციელებს და ჩაბარების პერიოდი მოახლოვდება, სააგენტოს ექნება უფლებამოსილება, შეამოწმოს კონკრეტული საქონელი და მომსახურება იმ ხარისხობრივი პარამეტრებით, რა ხარისხობრივი პარამეტრებითაც გამოვაცხადეთ. ფაქტობრივად, ეს არის დამატებითი კონტროლის მექანიზმი სახელმწიფოსთვის, რათა მივიღოთ ის სერვისი იმ საბაზრო ღირებულებით, რომლითაც გადავიხადეთ“, – განაცხადა გურამ დუმბაძემ.
გურამ დუმბაძის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება ტექნიკურ რეგლამენტს.
„მთლიანად იცვლება სამშენებლო სექტორში სახელმწიფო შესყიდვების ნაწილი. შეგვიძლია, თავისუფლად ვთქვათ, რომ მთლიანი ციკლი შესყიდვების, სამშენებლო ნაწილში არის შეცვლილი და საუკეთესო პრაქტიკას პასუხობს. რას გულისხმობს დღევანდელი ახალი ტექნიკური რეგლამენტი – შემოვიდა ბევრი ახალი დანარიცხი, რომელიც რეალურად მშენებელს სამშენებლო მოედანზე აქვს. მაგალითად, არის შენობა-ნაგებობების დანარიცხები, რომლებსაც მანამდე არ ვიყენებდით. ეს არის მთელი რიგი შრომის უსაფრთხოების დანახარჯები, რომელიც მშენებელს ჰქონდა მანამდე და არ ვაფინანსებდით, ახლა უკვე ვაფინანსებთ. ეს არის დროებითი ნაგებობების ნაწილი, რომელიც შრომითი რესურსისთვის უნდა მშენებელს და დღეს უკვე ამასაც ვაფინანსებთ. შემოვიდა სასაწყობე დანახარჯების ნაწილი. ფაქტობრივად, ჩვენ ვანაზღაურებთ მასალას, ტრანსპორტირებას, მაგრამ სასაწყობე ხარჯები არ გვქონდა გათვალისწინებული, ეს ნაწილიც შემოვიდა ახალ ტექნიკურ რეგლამენტში. ასევე შემოვიდა ზამთრის პირობებში დანარიცხი, რადგან განსაკუთრებულად რთულია ამ პირობებში სამუშაოების წარმოება. ეს დამატებითი დანახარჯია სამშენებლო კომპანიებისთვის. ასევე შევიმუშავეთ ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც გულისხმობს, რომ იმ კონტრაქტებში, სადაც შესრულების ვადა არის 12 თვეზე მეტი, უკვე მეცამეტე თვიდან ვიწყებთ ინდექსაციას. როდესაც ბაზარზე გაიზრდება მასალის ღირებულება ან მანქანა-მექანიზმების ღირებულება, სახელმწიფო უკვე ამ რისკს ინაწილებს. ეს არ იქნება მხოლოდ მშენებლის რისკი. სახელმწიფო დაუფინანსებს საბაზრო ფასთან მიმართებით ფასთა სხვაობას. გრძელვადიანი კონტრაქტები, სტრატეგიული ხელშეკრულებები, როგორიც შეიძლება იყოს აეროპორტი, პორტი ან სხვა ტიპის ნაგებობა, სადაც ცოტა მეტი დრო გვჭირდება მშენებლობისთვის, სრულად იქნება დაზღვეული. დღევანდელი ცვლილებებით ვამბობთ, რომ მზად ვართ, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება, რასაც კერძო სექტორი იხდის ამ ნაწილში, სამუშაოებში, რომელსაც ასრულებს ჩვენი კონტრაქტორი კომპანია, თუმცა ამავდროულად, ვთქვით და აღვნიშნეთ, რომ ვერ გვექნება კომპრომისი ხარისხსა და სამუშაოების შესრულების ვადაზე. ეს არის უმთავრესი რამ და ახალ ტექნიკურ რეგლამენტშიც სავალდებულო კომპონენტია, რომ ხარისხობრივი კომპონენტებით გამოვაცხადებთ შესყიდვებს და იმავე ხარისხის შესრულებას მოვითხოვთ“, – განაცხადა გურამ დუმბაძემ.
0
0