13/01/2025
17:28
სოც-ქსელები
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალური ქსელით უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, კახა თილიძის, დაღუპვას გამოეხმაურა.
„უკრაინაში წინა ხაზზე დაიღუპა ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი, რომელსაც როდისმე შევხვედრივარ – კახა თილიძე.
კახა იყო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და თანამებრძოლი. საპრეზიდენტო დაცვის ოფიცერი, იგი ჩემს კვალდაკვალ წავიდა ამერიკაში, ნიუ-იორკში, სადაც ძალიან კარგი სამსახური იშოვა, მაღალი ხელფასით, მაგრამ ამ ნათელ ძლიერ, გონიერ, ლამაზ ადამიანს არ ასვენებდა თავისი სამშობლოს ბედი.
ამერიკაში ყველა მოგზაურობის დროს ვხვდებოდით, ვსაუბრობდით საქართველოზე, უკრაინაზე, მან შტატებში დამატებით რეინჯერების სკოლა გაიარა და მაინც ვერ მოუთმინა გულმა და ჩავიდა უკრაინაში, სადაც დაიწყო უკრაინელი სამხედროების წვრთნა, რაც საერთოდ არ მოითხოვდა მისგან ფრონტის წინა ხაზზე ყოფნას, თუმცა სწორედ იქ აღმოჩნდა და დაიღუპა ბრძოლაში.
ამ რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი, რომ საქართველოს გათავისუფლების შემდეგ კახა ქვეყნის შეიარაღებული ძალების საუკეთესო ხელმძღვანელი იქნებოდა და გუშინ ეს ამბავი წამომეწია.
გული მაქვს გახეთქილი და მეუფლება უკიდურესი უსამართლობის განცდა კახასთანა ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ. ვფიქრობ მასზე, მის ორ შვილზე და იმაზე, თუ რა უნდა ვქნათ რომ ეს მსხვერპლი უაზრო არ აღმოჩნდეს“, – აღნიშნულია პოსტში.
0
0