
ჰერჩინსკის დაბარება არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ეს ხელისუფლება ყოველთვის ემსახურება ანტიქართულ მიზნებსა და მისწრაფებებს, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
გეგელიას თქმით, იმ დროს, როდესაც საგარეო უწყების მიერ დაბარებულები არ არიან ირანის და უნგრეთის ელჩები, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლების დაბარება აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაზიანებას ემსახურება.
„იმ დროს, როდესაც ირანის ელჩი არ არის დაბარებული და არ არის გამოკითხული იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ემუქრებოდა ქართველ ხალხს ასეთი ენით, იმ დროს, როდესაც უნგრეთის ელჩი არ დაუბარებიათ და არ უკითხავთ რუსეთის ჯაშუში რომ მუშაობდა 4 წლის განმავლობაში საქართველოში, რასთან გვქონდა შეხება, იყო თუ არა უნგრეთი ინფორმირებული და როგორ უნდა აღვიქვათ ეს, რომ უნგრული დიპლომატიური საფარის ქვეშ ამ ქალაქში მუშაობდა, მაღალი ალბათობით, რუსეთის ჯაშუში და ასეთ ვითარებაში ბოჭორიშვილი საკუთარ თავს უფლებას აძლევს, რომ თავს დაესხას ყველა იმ ელჩს, რომელიც არის ამ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენელი. იქნება ეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე გაკეთებული განცხადების გამო თუ ელემენტარული პროდემოკრატიული განცხადებების გამო, იბარებს საქმის გასარჩევად იმ სახელმწიფოების ელჩებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორები. ეს თვალნათლივ ადასტურებს, რომ ე.წ. ხელისუფლება არის საქართველოს მტრული ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ინტერესების დასაზიანებლად,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
0
0