
მაშინ, როდესაც რეგიონში ამ რანგის პოლიტიკოსი ჩამოდის და საქართველო ნახსენებიც არ არის, ეს არის პირდაპირ გეოპოლიტიკური კატასტროფა და აღსასრული ჩვენი ქვეყნისთვის - ეს არის მომასწავებელი იმისა, რომ საქართველო საკუთარ ისტორიულ და რეგიონულ ფუნქციას კარგავს! - ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია, თებერვალში, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის, სომხეთსა და აზერბაიჯანში დაგეგმილ ვიზიტს.
გეგელიას თქმით, ის, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი რეგიონში ჩამოდის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ხვდება, მაგრამ არ ჩამოდის საქართველოში, სრული და ტოტალური იზოლაციის დასტურია, რაშიც დღესდღეისობით საქართველო აღმოჩნდა.
„ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველო აღარ აინტერესებს არავის - არც ევროკავშირს და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელთანაც ამ რეჟიმის პროპაგანდის მიხედვით, ვითომ და იდეოლოგიური თანხვედრა გააჩნიათ.
ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორია იზოლირებული, მარტოდ დატოვებული რეჟიმი და როგორია ჩიხი, რომელიც „ქართული ოცნების“ რეჟიმმა შექმნა. ეს ჩიხი მხოლოდ რუსეთისკენ მიემართება და არ მიემართება საერთაშორისო თანამეგობრობისკენ, მშვიდობისკენ და უსაფრთხოებისკენ.- აცხადებს გეგლია.
0
0