
მარტა კოსის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს კვლავაც გააჩნია ყველა შესაძლებლობა, რომ სწრაფი ტემპით წავიდეს ევროპული ოჯახისკენ, თუ ის ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს - ევროკავშირი მზად არის, ისაუბროს რეალურ ინტეგრაციაზე, თუ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები იქნება გადადგმული,- ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ევროკომისარ მარტა კოსის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
როგორც გეგელია აღნიშნავს, ის, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია „ევროპული კავშირის მხრიდან არის შეჩერებული, ბოდვაა“.
„ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს გააჩნდა და კვლავაც გააჩნია ყველა შანსი და შესაძლებლობა, რომ სწრაფი ტემპით წავიდეს ევროპული ოჯახისკენ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა ყველა ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და გაატარებს ყველა იმ რეფორმას, რაზეც ამ ბოლო წლებში ყოფილა საუბარი. იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი და მოხდება ახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და ჩატარება. შესაბამისად, ნებისმიერი პროპაგანდისტული მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული კავშირის მხრიდან არის შეჩერებული ევროინტეგრაცია, ეს არის სრული ბოდვა და მეტი არაფერი.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ და ვისმენთ, რომ ევროპული კავშირი მზად არის, ისაუბროს რეალურ ინტეგრაციაზე და შემდგომ ნაბიჯებზე, იმ შემთხვევაში თუ შემხვედრი ნაბიჯები იქნება გადადგმული „ქართული ოცნების“ რეჟიმისა და საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან.
ამიტომაც, კარი ჩარაზულია კობახიძის მიერ. რუსულმა რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შეჩერებულიყო საქართველოს ევროატლანტიკური სვლა. ამის შედეგად, ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი არის დასრულებული და სომხეთი არნახულ სიმაღლეებს აღწევს საერთაშორისო ასპარეზზე. ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს საკითხი არც კი არის შეტანილი განხილვის დღის წესრიგში, როდესაც სომხეთი დელეგაციით იმყოფება ადგილზე, საკუთარი ეროვნული ინტერესების ლობირების მიზნით“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
0
0