04/06/2025
07:35

არც კი მოველოდი ამხელა მარჟით უპირატესობას ამ პოზიციისა, ნამდვილად არ მოველოდი, მაგრამ ჩვენი საზოგადოების დიდ უმრავლესობას, როგორც ჩანს, სურს, იხილოს მისთვის სასურველი პოლიტიკური პარტიები, დემოკრატიული ძალები არჩევნებზე, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ მივა და დაუჭერს მხარს ოპოზიციას, ოპოზიციურ სპექტრს, დემოკრატიულ ძალებს, დიახ, არის სამ-ნახევარჯერ, ოთხჯერ უფრო მეტი, ვიდრე ხალხი, რომელიც ამბობს, რომ არ მივა. შესაბამისად, ამ კვლევით ვიხელმძღვანელებთ. როდესაც ეს კვლევა გაკეთდა და ვნახეთ, რასაკვირველია, გავაცანით საზოგადოებას, მოვიწვიეთ ჩვენი კოლეგები და გავაცანით მათ, ხომ არ ვიმსჯელოთ ამის საფუძველზე მათ შორის, რადგან ეს ინფორმაცია არსებობს. ამას ვერ წაშლი, აქ არის. ის ხალხი, რომელიც ჩვენ გვერდით ცხოვრობს, ასე ფიქრობს და, შესაბამისად, ჩვენ გვმართებს მსჯელობა. მსჯელობასთან ვისაც პრობლემა აქვს, მე მგონი, პოლიტიკაში არ უნდა იყოს, უკაცრავად. პოლიტიკა საუკუნეების განმავლობაში არის მსჯელობის, დელიბერაციის დარგი“, – განაცხადა გეგელიამ.
ამ განცხადებით გრიგოლ გეგელიამ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, თუ აქვს დღეს ზუსტი პასუხი, გეგმავს თუ არა „ლელო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციურ სპექტრში არსებული საკმაოდ დიდი ვნებათაღელვისა და მუქარების მიუხედავად, რაც „ლელოს“ განცხადებას მოჰყვა.
გეგელიას თქმით, „რა თქმა უნდა, პარლამენტის მიმართ ბოიკოტი იყო გამოსაცხადებელი და დღესაც იმავეს გააკეთებდნენ“.
„ამ მოცემულობაშიც მე, პირადად, მივიღებდი იმავე გადაწყვეტილებას, ერთმნიშვნელოვნად, რადგან სრულიად არალეგიტიმური პროცესით მიღებული პარლამენტის წიაღში ყოფნა არ არის თავსებადი ეროვნული მიზნების ამოცანების შესრულებასთან“, – განაცხადა გეგელიამ.
მისივე შეფასებით, გაუგებარია, რატომ მიიჩნევენ მისი კოლეგები, რომ მსჯელობა სისულელეა.
„მსჯელობა თუ სისულელეა, ღმერთმა გაგიმარჯოთ. მსჯელობა თუ არის იდიოტიზმი, პოლიტიკაში რატომ ვართ? პოლიტიკა არის მსჯელობის დარგი და მაშინ უნდა ვიყოთ ბოქსში, კრივში და სხვაგან“, – განაცხადა გეგელიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, „ესმით თუ არა ოპოზიციაში „ლელოს“ შეთავაზება არასწორად და რატომ მიიჩნევენ მისი კოლეგები „ლელოს“ განცხადებებს ოპოზიციურ ერთობაში დისონანსის შემტანად, რადგან როგორც დღეს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისში თქვეს, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შეთანხმება იყო, რომ თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ და ამაზე ხელი „ლელოსაც“ ჰქონდა მოწერილი“, გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ არ იცის, ვის რა ესმის.
„მე მაინტერესებს, საზოგადოებას რა ესმის. ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში რომ შევედით, ჩვენ ვთქვით, რომ სამზარეულოს საუბრები არ უნდა იყოს ეთერების განხილვის საკითხი“, – განაცხადა გრიგოლიამ.
გეგელიამ ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთი არა მარტო ოკუპანტია, უკვე კანცელარიაში ზის კობახიძის სახით“.
„ნარიშკინი აქებს კობახიძეს, კრემლი ამბობს იმავეს, დუგინი ამბობს იმავეს“, – განაცხადა გეგელიამ.
შეკითხვაზე, რას აპირებს არჩევნებზე, გეგელიამ თქვა, რომ აპირებს კობახიძის შეცვლას.
„არჩევნებზე მე ვაპირებ კობახიძის შეცვლას. კობახიძე არის რუსი, არის სამარცხვინო და მე მას შევცვლი ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად. ჩვენ ხელისუფლებას ყველა შესაძლო ფორმით უნდა მივაყენოთ დარტყმა. აი, ეს არის ჩემი ფილოსოფია“, – განაცხადა გეგელიამ.
1ტვ
0
0