
ჩვენ წყალტუბოში უნდა შევქმნათ 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, მსოფლიო მიზიდულობის კერა და გავათავისუფლოთ საქართველო, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ჩამოშლილი, აუხდენელი ოცნებების, დანგრეული ეკონომიკისა და ანტიქართული იდეოლოგიის გამტარებელი პოლიტიკური ძალაა.
„ჩვენ აუსრულებელი ოცნებებისა და დანგრეული მითების ქალაქში, წყალტუბოში ვიმყოფებით. დღეს, ეს ქალაქი უნდა იყოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, მაგრამ სამწუხაროდ ის არის ჩამოშლილი ეკონომიკის, უმუშევრობისა და უპერსპექტივობის, სიღარიბისა და ემიგრაციის ქალაქი. ეს უნდა იყოს ქალაქი, რომელიც იზიდავს საქართველოს და მსოფლიოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ქალაქი, რომელსაც ტოვებენ. ბოლო 13 წლის განმავლობაში, წყალტუბოს მოსახლეობა 21 ათასით შემცირდა. ეს უნდა იყოს ქალაქი, რომელიც დაასაქმებს ათობით ათას ადამიანს, მაგრამ, სამწუხაროდ ეს არის ქალაქი, რომელსაც 8 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანი ჰყავს. ქალაქი, რომელიც იმერეთისა და სრულიად დასავლეთ საქართველოს უნდა ასაქმებდეს და ერთ-ერთი ეკონომიკური ღერძი უნდა იყოს, რეალურად საკუთარ მოქალაქეებს ვერ ასაქმებს.
2015 წელს, 10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა 10 წლის თავზე ვხედავთ, რომ კვლავაც, აქ არის „ქოცური“ ნანგრევები. ეს არის საუკეთესო სახე, იმ შულერობისა, არაკომპეტენტურობისა და ანტიქართულობისა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება განასახიერებს. 6 წლის წინ, ამ ქვეყნის მთავარმა თაღლითმა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ იგი პირად რესურსს და ყურადღებას გაიღებდა, რომ წყალტუბოს ეკონომიკური და ტურისტული რეაბილიტაცია მომხდარიყო. 6 წლის თავზე არცერთი სასტუმრო არ გამოუსყიდია, არცერთი ადამიანი არ დაუსაქმებია და არცერთი პროექტი წინ არ წაუყვანია. ეს აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოშლილი, აუხდენელი ოცნებების, დანგრეული ეკონომიკისა და ანტიქართული იდეოლოგიის გამტარებელი პოლიტიკური ძალაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველანი მას ჩვენი ბრძოლით უნდა დავუპირისპირდეთ, წავართვათ წყალტუბო, იმერეთი, მთელი საქართველო.
ჩვენ აქ უნდა შევქმნათ 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, მსოფლიო მიზიდულობის კერა და უნდა გავათავისუფლოთ საქართველო. უნდა შევქმნათ როგორც ახალი ძლიერი ქართული სახელმწიფოს საწინდარი. საწინდარი, სადაც ქართველებს დაედგომებათ, აქვთ ადეკვატური შემოსავალი, არ უწევთ ემიგრაციაში გადახვეწა. უნდა შევქმნათ ადგილი, სადაც ადამიანი სრულფასოვან მოქალაქედ იგრძნობს თავს. ამიტომ ყველა იმერელს, ქართველს ბოლომდე ბრძოლისკენ მოვუწოდებ, რომ გავათავისუფლოთ წყალტუბო, რომ შევქმნათ ახალი დასაქმების კერა. აქ ჩამოდიოდნენ მთელი მსოფლიოდან და იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული, ტურისტული და სოციალური ცენტრი ჩვენს ქვეყანაში. იმერული, დასავლურ-ქართული და ქართული ეკონომიკა უნდა გავზარდოთ და გავაორმაგოთ, რომ საბოლოოდ დავიბრუნოთ ქართული სახელმწიფო და ქართული სახელმწიფო დავაბრუნოთ საკუთარ ევროპულ გზას“, – განაცხადა გეგელიამ.
0
0