
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია არც ადასტურებს, არც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად მომღერალი მერაბ სეფაშვილი განიხილება.
როგორც გრიგოლ აცხადებს, „ლელო-ძლიერ საქართველოს“ ჰყავს ძლიერი კანდიდატები და ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები, რომლის შედეგად, ყველაზე შესაფერისი კანდიდატი შეირჩევა.
„ვერაფერს დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. გვყავს ბევრი კარგი კანდიდატი და ყველაზე კარგს გამოვარჩევთ. როგორც საზოგადოებამ იცის, ვატარებთ კვლევას, ძალიან მალე, ამ კვლევების და კონსულტაციების შედეგად, გამოვარჩევთ იმ პირს, რომელიც, ჩვენი აზრით, არის ყველაზე შესაფერისი. არცერთ კონკრეტულ კანდიდატზე არ ვისაუბრებ და ვერ ვისაუბრებ. ბევრი ძლიერი კანდიდატი გვყავს, ძალიან ღირსეული ხალხი“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მისივე თქმით, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გეგმაა ბრძოლა.
„ბრძოლა ყოველთვის, ყველანაირი უსამართლობის წინააღმდეგ და ყველანაირი უსამართლობის პირობებში. არ მახსენდება, სამართლიანი ბრძოლა ბოლოს როდის გაიმართა ამ ქვეყანაში. ერთი მახსოვს 1919 წელს, მას მერე ძალიან ცოტა მახსოვს სამართლიანი ბრძოლა, თავისუფალი არჩევნები და ეტყობა, სხვებს უკეთესი მეხსიერება აქვთ და რაღაც სხვა კომფორტის მოლოდინი ამოძრავებთ. ჩვენ არ გვამოძრავებს არაფრის მოლოდინი. ჩვენ ვიცით, რომ თუ არ ვიბრძოლებთ, არაფერი არ იქნება“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
0
0
შემოსავლების სამსახურის განმარტება
08/08/2025
ნიკოლ ფაშინიანი სტივ უიტკოფს შეხვდა
08/08/2025