
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა და გრენლანდიის მთავრობის მეთაურმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა ბოდიში მოიხადეს 1960-იან წლებში გრენლანდიელი ქალების იძულებითი კონტრაცეფციისთვის.
„დანიის სახელით, მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ქალებს, რომლებთანაც არასამართლიანად მოექცეოდნენ და რომლებიც სისტემატურად იყვნენ დისკრიმინირებულნი. ეს შემთხვევა გრენლანდიის საზოგადოებაში ღია ჭრილობად რჩება,“ - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა. გრენლანდიის მთავრობის მეთაურმა ასევე ბოდიში მოიხადა.
„შეუძლებელია იმის შეცვლა, რაც მოხდა. მაგრამ შეიძლება პასუხისმგებლობის აღება,“ - განაცხადეს პოლიტიკოსება ერთობლივ განცხადებაში.
1960-1970-იან წლებში დანიის ხელისუფლებამ წამოიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მინიმუმ 4.5 ათას გრენლანდიელ გოგონას მათგან ფარულად და თანხმობის გარეშე უყენებდნენ საშვილოსნოს კონტრაცეფციის სპირალს.
ამ კოლონიალური პროგრამის, იძულებითი კონტრაცეფციის საშუალებით, კოპენჰაგენს სურდა გრენლანდიის აბორიგენული მოსახლეობის სწრაფი ზრდის შეჩერება. შედეგად, მრავალმა ქალმა მიიღო სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები, უნაყოფობის ჩათვლით, ასევე ფსიქოლოგიური ტრავმები. „სპირალურმა სკანდალმა“, დანიის რადიოს გამოძიების წყალობით, ფართო საზოგადოების ყურადღება მხოლოდ 2022 წელს მიიპყრო.
აგორებული სკანდალის ფონზე, 143 დაზარალებულმა დანიის მთავრობის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანა ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნით. სარჩელის თანხა 43 მილიონ დანიურ კრონს შეადგენს (დაახლოებით 6.2 მილიონი ამერიკული დოლარი)
დანია და გრენლანდია მომხდართან დაკავშირებით ერთობლივ გამოძიებას აწარმოებენ. მოსალოდნელია, რომ ოფიციალური ანგარიში ამ წლის სექტემბერში გამოქვეყნდება
0
0