
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გორში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში აღნიშნულია, სახალხო დამცველი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საჯარო წყაროებით გავრცელებულ შემაშფოთებელ კადრებს სამართალდამცველების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე და გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
საქართველოს პროკურატურის საჯარო განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, უზრუნველყოს ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება, რათა პასუხისგებაში მიეცეს ყველა პასუხისმგებელი პირი.
სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს საქმეზე მიმდინარე გამოძიებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ცნობისთვის, პროკურატურამ გორში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
დღეს გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლის მიხედვითაც, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლები დაკავების დროს ორ პირს ფიზიკურად უსწორდებიან. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დაკავებულს ცივი იარაღი ჰქონდა.
0
0