31/01/2022
12:43
სამართალი
გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ოჯახში მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პაციენტი მოთავსებულია კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში.
„გორმედის“ ექიმის, სოსო გელაშვილის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, მას გულ-მკერდის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
„კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. მამაკაცს აღენიშნებოდა გულ-მკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი შემავალი ნაკვეთი ჭრილობები ფილტვის, ღვიძლის, კუჭის, პანკრეასის დაზიანებით, ასევე წვრილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანებები, თავის, ორივე ხელის მტევნის, მარჯვენა წინამხრის და მარჯვენა მხრის ნაკვეთი ჭრილობები. დაუყოვნებლივ ჩაუტარდა არაერთი ქირურგიული ოპერაცია, პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა“, - განაცხადა სოსო გელაშვილმა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოჯახში კონფლიქტი მამა-შვილს შორის გუშინ საღამოს მოხდა, რა დროსაც 80 წელს მიღწეულმა მამაკაცმა 45 წლამდე ასაკის შვილს სხეულზე დაზიანებები დანით მიაყენა.
უთანხმოების მიზეზი უცნობია, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
0
0