
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გორის მუნიციპალიტეტში მდებარე საკალმახე მეურნეობაში წარმოების პროცესს გაეცნო.
შპს „დს ფიშ გრუპი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ არაერთხელ ისარგებლა. კომპანიას, რომლის წარმადობა წელიწადში დაახლოებით 250 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზის წარმოებაა, 100-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. ნედლი თევზისა და გადამუშავებული თევზის რეალიზაცია კომპანიის ბრენდულ მაღაზიასა და რესტორანში ხდება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჯანსაღი, ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისთვის სამინისტრო არაერთი მიმართულებით მუშაობს. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია შიდა ქართლში თევზის დაავადებების დიაგნოსტიკასა და თევზის, როგორც სასურსათო პროდუქტის, კვლევის სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, 2013 წლიდან 2025 წლის 31 მაისის მდგომარეობით, მეთევზეობის განვითარების მიზნობრიობით გაცემულია 146 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 1,646 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება დაახლოებით 23 მლნ ლარია. მათ შორის, შიდა ქართლის რეგიონში გაცემულია 64 მლნ ლარის ღირებულების სესხები, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება დაახლოებით 9,5 მლნ ლარია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, პარლამენტის დეპუტატები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
0
0